ნატალია ჯვარიძე
20.09.2026

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა მარატ კამბოლოვმა გაიმარჯვა. კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის შეფასებით, კამბოლოვის მთავარი მიზანი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება, ხოლო მისი შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მთლიანად მოსკოვის გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც „პრეზიდენტმა" ალან გაგლოევმა ივნისში თანამდებობა დატოვა და მისი მოვალეობის შესრულება დე ფაქტო პრემიერ მინისტრად ერთი კვირით ადრე დანიშნულ კამბოლოვს დაეკისრა.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში 32 869 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 82.65%-ია. მარატ კამბოლოვმა კი 84.95% (27 922 ხმა) მიიღო დამნიშნელოვნად გაუსწრო დანარჩენ 4 კონკურენტს.

აღსანიშნავია, რომ ეც პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფატო ხელმძღვანელი გახდა რუსი პოლიტიკოსი, რომელსაც ამ რეგიონთან ეთნიკური წარმომავლობის გარდა პრაქტიკულად არაფერი აკავშირებს. იგი 61 წლისაა, დაბადებულია ჩრდილოეთ ოსეთში. აქვე მიიღო განათლება და რუსეთში გაიკეთა კარიერა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მკაცრად დაგმეს უკანონო ე.წ. არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ეფექტიანი კონტროლის პირობებში ჩატარებული ნებისმიერი „არჩევნები" იურიდიული ძალის მქონე ვერ იქნება და ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ შეძენს საოკუპაციო რეჟიმს.

  • „აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კურაცია ჩაიბარეს ძმებმა კოვალჩუკებმა... ამ სისტემიდან ერთი პიროვნება - კირიენკო - დანიშნეს აფხაზეთის კურატორად და მეორე - კამბოლოვი - დანიშნეს ცხინვალში".

ევროკავშირმა და დასავლელმა პარტნიორებმა ასევე არ ცნეს უკანონო კენჭისყრის შედეგები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი კამბოლოვს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთი „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის" დახმარებას გააგრძელებს.

„ჩვენ, უდავოდ, გავაგრძელებთ მჭიდრო ერთობლივ მუშაობას მრავალმხრივი პარტნიორული კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების მიზნით", - აღნიშნულია პუტინის მისალოც წერილში.

რა ევალება კამბოლოვს

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის აზრით, კამბოლოვის მიზანი იქნება რეგიონში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება, ხოლო კრემლს რეგიონის საბოლოო ანექსია რომ სურდეს, ამას კამბოლოვის გარეშე ისედაც გააკეთებდა.

„სამხრეთ ოსეთის" ჩრდილო ოსეთთან შეერთება რომ უნდოდეთ, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა საჭირო არ არის, ვინაიდან სეპარატისტული რეგიონის მცხოვრებთა დიდი ნაწილს ამის სურვილი აქვს. რასაკვირველია, მოსკოვი ამ ნაბიჯზეც ფიქრობს, მაგრამ ჯერჯერობით ამ ნაბიჯის გადადგმა, როგორც ჩანს, არ სჭირდება - დამატებითი პრობლემის შექმნა თავისთვის სამხრეთ კავკასიაში არ სურს, ისედაც აკონტროლებს ამ ორ სივრცეს - ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.

„ახლა, რაც შეეხება კამბოლოვის თემას, იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენ ცოტა უკან უნდა დავბრუნდეთ. 2024 წელი გავიხსენოთ, იმ წლის ზაფხულში კრემლში გაიზარდა იმ ადამიანების გავლენა, ვინც ფიქრობდა საქართველოსთან ურთიერთობის სხვა ფორმით გადალაგებას. ეს განპირობებული იყო იმით, რომ იმ ადამიანების ჯგუფს ძალიან უნდოდათ შეექმნათ ალტერნატივა აზერბაიჯანული გზისთვის - ანუ ამუშავებინათ აფხაზეთის რკინიგზა. იცოდნენ, რომ აფხაზეთის რკინიგზას ვერ აამუშავებდნენ, თუ არ მოელაპარაკებოდნენ თბილისს, თუ არ იქნებოდა აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა რაღაც ფორმით. მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს და იმ პერიოდში გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელიც უფრო აგრესიულად უდგებოდა საქართველოსთან ურთიერთობას და დაინიშნა აფხაზეთის კურატორად კირიენკო.

  • „2024 წლის ზაფხულში კრემლში გაიზარდა იმ ადამიანების გავლენა, ვინც ფიქრობდა საქართველოსთან ურთიერთობის გადალაგებას და ტერიტორიული მთლიანობის რაღაც ფორმით აღდგენას, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს".

„კირიენკო არის წარმოშობით სოხუმელი, მისი ნამდვილი გვარი არის იზრაიტელი და გადასარევად იცნობს მთელ რეგიონს. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კურაცია ჩაიბარეს ძმებმა კოვალჩუკებმა. ძმები კოვალჩუკების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ერთი ძმა არის მილიარდერი, ორივე არის დაახლოებული პირადად პუტინთან ჯერ კიდევ ლენინგრადიდან. მეორე ძმა არის დიდი საწარმოო ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც კურირებს სამეცნიერო, პოლიტიკურ-სამეცნიერო ჯგუფს. იმ ჯგუფს, რომელშიც შედის „როსატომი". ის რუსეთის პოლიტიკური ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სისტემაა.

„ამ სისტემიდან ერთი პიროვნება დანიშნეს აფხაზეთში, ანუ ეს კირიენკო, მეორე დანიშნეს ცხინვალში - კამბოლოვი. მოკლედ, ძმებ კოვალჩუკებს ჩააბარეს ეს ორივე რეგიონი.

„ამ გუნდის ამოცანაა ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ისეთი სიტუაციის დალაგება, რომელიც მოსკოვს პრობლემას არ შეუქმნის, რადგან წინა „პრეზიდენტის" დროს ცხინვალში ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნა.

„კრიმინალის გარდა, იყო ძალიან სერიოზული დაძაბულობა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ცხინვალში.იმდრნად დაიძაბა სიტუაცია, რომ მოსკოვი იძულებული გახდა რამდენიმე იქაური ადგილობრივი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწისთვის, დე ფაქტო პარლამენტის წევრებისთვის, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმია.

„იმდენად მაღალი იყო კორუფციული დონე, რომ სულ შეტაკებები ხდებოდა მესაზღვრეებსა და კონტრაბანდისტებს შორის.

„კოვალჩუკების ამოცანა არის სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რადგან ისინი იყვნენ პრორუსული რეგიონები. თორემ მოსკოვმა შეერთება თუ მოინდომა, ამ ნაბიჯს ისედაც გადადგამს", - აღნიშნა არეშიძემ.

როგორი ურთიერთობა ექნება საქართველოს ხელისუფლებასთან

მარატ კამბოლოვმა, აქამდე საქართველოსთან მიმართებაში რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზის გახსნისთვის მზად არ არის".

მისი თქმით, ამ საკითხის მიმართ არსებობს როგორც მორალური, ისე ნორმატიულ-სამართლებრივი ბარიერები და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული მყარი გარანტიები სჭირდება.

„მეკითხებოდნენ საქართველოსთან საზღვრის გახსნაზე ჩვენი რესპუბლიკის გავლით ტრანზიტისთვის. პირდაპირ ვიტყვი: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის - არც მორალურად, არც ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით. ჩვენი ერისთვის უსაფრთხოების საკითხი დაკავშირებულია გადატანილ ომთან და დანაკარგებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილება აქ მყარ გარანტიებს საჭიროებს. ეკონომიკური სარგებელი არ შეიძლება ხალხის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი იყოს", - განაცხადა კამბოლოვმა.

გარდა ამისა, იგი ასევე ღიად ემხრობა ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და პერიოდულად საუბრობს „ორი ოსეთის გაერთიანებაზე".

მამუკა არეიშიძის თქმით, ახალი „პრეზიდენტი" საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობებში კრემლის დირექტივების მორიგი შემსრულებელი იქნება.

„კამბოლოვი მოიქცევა ისე, როგორც მოსკოვიდან ეტყვიან და რას ეტყვიან მოსკოვიდან, ეს უკვე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

„პრაქტიკულად ყველა არის მოლოდინის რეჟიმში. როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები და საერთოდ როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური ვითარება - ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ზუსტად აქედან გამომდინარე იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

„კამბოლოვს პოლიტიკურ თანამდებობაზე ცხოვრებაში არ უმუშავია, ის იყო სულ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და რომ იტყვიან, დიდი გამოცდილება არ აქვს.

„ახლა ჩვენი საქმე არის, ერთის მხრივ, არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება და მეორეს მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობის გაგრძელება. უფრო სწორად, უარესი სიტუაცია რომ არ მივიღოთ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×