
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პროკურატურისგან „იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
შალვა ნათელაშვილის თქმით, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, გაჩუქებულია ქართული მიწა, განწირულია 600 ჰექტარი ტყე გასაკაფად და გამზადებულია იურიდიული ბაზა არაბული დასახლებების მშენებლობისათვის.
„როდესაც 40 წლის უკან, მე პროკურატურის შენობას ვაგებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყნის სათავეში მოექცეოდა კრიმინალი-ოლიგარქი-მილიარდელი, რომლეიც პროკურატურას გადააქცევდა პირადი მომსახურების სერვისად, გაყიდდა 10 მილიონ კვადრატულ მამულს, ქართულ მიწას კრწანისსა და გონიოში, უკანონო და ამგვარ დანაშაულზე საუკუნისა, პროკურატურას არ ექნებოდა რეაქცია, რის გამოც მე მომიწევდა აქ მოსვლა და სპეციალური მიმართვის გადაცემა იმისათვის, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ყველა დამნაშავე ივანიშვილიდან დაწყებული, ქვევით, მიეცეს პასუხისგებაში, რაც ამ სამარცხვინო დოკუმენტის გაფორმებით დაიმსახურეს.
დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, გაჩუქებულია ქართული მიწა, განწირულია 600 ჰექტარი ტყე გასაკაფად და გამზადებულია იურიდიული ბაზა არაბული დასახლებების მშენებლობისათვის, რათა საბოლოოდ აქ ქართული ჯიში და ჯილაგი გადაშენდეს, რასაც ვერ მოესწრებიან.
მე მოვითხოვ, დაუყოვნებლივ იქნას აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მიეცნენ დამნაშავეები პასუხისგებაში, შეწყდეს კონტრაქტის მოქმედება, რადგან მისი გაფორმება განხორციელებულია ქვეყნის კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის, უხეში დარღვევებით, დისკრიმინაციული წესით და მიზნად ისახავს, აქ გადააშენოს ქართული გენი, ქართული ხმა და გააღრმავოს დემოგრაფიული კატასტროფა. დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა. დარღვეულია მსოფლიოში აღიარებული ცივილიზებული წესები კონტრაქტის გაფორმებისა, როდესაც შემომსვლელ მხარეს, ანუ არაბულ კომპანიას არავითარი ვალდებულება არ ეკისრება, გარდა იმისა, რომ ტყე გაჩეხონ, გააცამტვეროს ყველაფერი, რაც აქ დახვდება, ააშენოს არაბებისთვის უძვირფასესი „პენტჰაუსები“ და ნებისმიერ დროს მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ისე,რომ არაფერი სახელმწიფოს არ ჰკითხოს და უფრო მეტიც, სახელმწიფოს რომ დასჭირდეს ამ 10 მილიონ კვადრატულ მეტრზე შესვლა და რაღაცის შემოწმება, ამისთვის არაბული კომპანიის ნებართვაა საჭირო“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.