რეზონანსი
31.08.2026

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

„უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უკრაინის განათლების ხარისხის შეფასების ცენტრი გამოხატავენ თქვენდამი უდიდეს პატივისცემასა და გულწრფელ მადლიერებას ჩვენი ქვეყნისადმი გამოჩენილი ურყევი მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის ჩვენი ისტორიის ამ უმძიმეს პერიოდში.

იმ დროს, როდესაც უკრაინა საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ცივილიზებულ სამყაროსთან ჩვენი ერთობა ჩვენი უდიდესი ძალაა.

წელს უკრაინელ აბიტურიენტებს, რომლებიც ომის გამო იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა, შესაძლებლობა მიეცათ, უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდები მსოფლიოს 32 ქვეყანაში ჩაებარებინათ.

უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, რომლებმაც უკრაინელი აბიტურიენტებისთვის უზრუნველყვეს უსაფრთხო საგამოცდო გარემოს შექმნა.

განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის – საგამოცდო სივრცეების ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფისა და სტუდენტებისთვის ყველა იმ აუცილებელი პირობის შექმნისთვის, რაც უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხად გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის იყო საჭირო.

თქვენი ეფექტიანი და შესანიშნავად ორგანიზებული საგამოცდო პროცესის წყალობით, უკრაინელ ახალგაზრდებს მიეცათ სწავლის გაგრძელებისა და უკრაინაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესაძლებლობა.

თქვენი სოლიდარობა მხოლოდ ორგანიზაციული დახმარება არ არის – ეს მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნებასა და ქვეყნის სამომავლო აღდგენაში.

ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს საიმედო პარტნიორობას და გულწრფელად გისურვებთ თქვენ და თქვენი ქვეყნის ყველა განათლების სფეროს წარმომადგენელს პროფესიულ წინსვლას, სიკეთეს, კეთილდღეობასა და ბედნიერებას!

გულწრფელ მადლობას ვუხდით 2026 წელს მისაღები გამოცდების ჩატარების პროცესში გაწეული ყოვლისმომცველი დახმარებისთვის ყველა საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რომლებმაც მზაობა გამოხატეს დროებითი საგამოცდო ცენტრების შესაქმნელად. ასევე მადლობას ვუხდით მასწავლებლებს, კოორდინატორებსა და IT სპეციალისტებს, რომლებთან თანამშრომლობის პატივიც გვქონდა.

ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის.

გვჯერა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა და თქვენი ქვეყნის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი ყოვლისმომცველი მხარდაჭერა“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×