
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, ხოლო პირველი შვიდი თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი არის 7.9%.
მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა – დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
„მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობის სექტორში. 2026 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 30%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 5.8%-ით. გასულ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 7 000-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 14%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ზრდა ძირითადად ადგილობრივ ინდ. მეწარმეების რეგისტრაციასთან არის დაკავშირებული. 12.6%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 17 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში: დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებასა და მეტალურგიულ მრეწველობას უკავშირდება. ნავთობპროდუქტების წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნაფთას, გაზოილის, მაზუთის წარმოების მაჩვენებლები. ასევე, რაც შეეხება მეტალურგიულ მრეწველობას, გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლები“, – აღნიშნა თოდრაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 25-ჯერ გაიზარდა აღნიშნული დასახელების ნავთობპროდუქტების ექსპორტი.
„ძირითადად აფრიკის რამდენიმე ქვეყნის და სინგაპურის მიმართულებით. რაც შეეხება მეტალურგიულ მრეწველობას, დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფერო სილიკო-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, IT სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა. სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა განაპირობა, ზოგადად, საგარეო ვაჭრობაში შექმნილმა დადებითმა ტენდენციებმა, როგორიც გახლავთ, მაგალითად, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის ზრდა, შესაბამისად, გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.
როგორც უკვე აღვნიშნე, მშენებლობის სექტორში გამოვლინდა შემცირების ტენდენცია, რაც ძირითადად სამოქალაქო მშენებლობას უკავშირდება. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია გზების, ხიდების, ავტობანების, გვირაბების და სხვადასხვა სახის სამშენებლო ნაგებობების მშენებლობის მაჩვენებელი. შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მონაცემებსაც თუ მოვიშველიებთ, 13%-ით არის შემცირებული სამშენებლო მასალების იმპორტი და დაახლოებით 19%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი“, – აღნიშნა თოდრაძემ.