
სასამართლომ მაისურზე დატანილი წარწერის გამო, 69 წლის შოთა ოდიშვილს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ 25 აგვისტოს გამოაცხადა.
ოდიშვილი ახლა გურჯაანის იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც ოდიშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოდიშვილს ორი ბრალი აქვს წარდგენილი და გამოძიება მას მაისურზე დატანილი წარწერის გარდა, პოლიციელების შეურაცხყოფასაც ედავება, თუმცა, როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდების მხარეს ოდიშვილის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
„23 აგვისტოს ღამით, როდესაც საპროტესტო აქცია დასრულდა, ბატონი შოთა კანცელარიის შენობასთან ავიდა, იქვე ჩამოჯდა და ტელეფონში თამაშობდა. ეცვა ის მაისური, რომლის ფოტოებიც მოგვიანებით გავრცელდა. პოლიციელებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. მიუახლოვდა ერთ-ერთი პოლიციელი და პოლიციის მანქანასთან გაყოლა მოსთხოვა. ბატონი შოთა, რა თქმა უნდა, დაემორჩილა მის მოთხოვნას. მასთან რიგ-რიგობით მიდიოდნენ სხვა პოლიციელები და ეუბნებოდნენ, რატომ გვაგინებდიო, რაზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეუბნებოდა, სიტყვა არ მითქვამს, ჩემთვის ვიყავიო. ისინი აგრესიული ტონით ცდილობდნენ მის გამოწვევას.
სასამართლოში მოიტანეს სამხრე კამერების ჩანაწერები, სადაც ზემოთ აღნიშნულია ჩაწერილი.
ორი ბრალი აქვს წარდგენილი - მაისურის გამო 166-ე მუხლით, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და მეორე ბრალი 173-ე მუხლით, რომელიც მოგონილია და რომელიც ტყუილად დაუმატეს.
მაისური რომ ეცვა, მაგაზე უარყოფა არც დაუწყია და ვფიქრობთ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, ხოლო რაც შეეხება პოლიციელის გინებას, ფიზიკურად ვერ დაადასტურებდნენ ვერანაირი მტკიცებულებით, რადგან გინებას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ მოიყვანეს ორი მოწმე პოლიციელი, რომლებმაც თქვეს, გვაგინებდაო, თუმცა მათი ჩვენებები ერთმანეთს იყო აცდენილი“, - განაცხადა ადვოკატმა.