
სამართლებრივი თემებით პოლიტიკური სპეკულირება - ასე აფასებს მმართველი გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საკუთარი მძიმე დანაშაულის გადაფარვის მცდელობას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ როგორ ჩანს, ღარიბაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ აღიარებული დანაშაულის პარალელურად მიმდინარეობდა გამოძიება სხვა უმძიმეს კორუფციულ თემებზე და დანაშაულის გადაფარვის მიზნით, სამართლებრივი თემებით პოლიტიკური სპეკულირება გადაწყვიტა.
უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ მომავალშიც, ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ ჰქონდეს სიცრუის გავრცელების მცდელობა, რაც მათივე თქმით, ხელს ვერ შეუშლის კორუფციული სქემების გამოძიებას.
"იმ წერილებით, რასაც ბატონი ღარიბაშვილი იწერებოდა, იკვეთება, რომ მან წინასწარ იცოდა ეს მძიმე ბრალი, რაც მის წინააღმდეგ წარდგებოდა და ცდილობდა თემის პოლიტიზებას, რაც ძალიან სამწუხაროა და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ მნიშვნელობა არ აქვს გუნდის ყოფილი წევრი იქნება, მოქმედი თუ მაღალი თანამდებობის პირი, ნებისმიერ შემთხვევაში მიდგომა გვაქვს აბსოლუტურად ანალოგიური ნებისმიერ ადამიანზე. ჩვენ კორუფციას არ ვპატიობთ, აბსოლუტურად არავის და შესაბამისი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, ეს ყველაფერი ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული და ზუსტად ამ ხაზით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.
თანამდებობის პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება - ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება დღეს წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული მილიონ 500 000-დან, 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა.