რეზონანსი
23.08.2026

საშინელი ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში. გუშინ, საღამოს საათებში, მეზობელმა, რომელმაც როგავების სახლთან ჩაიარა, საშინელი სუნი იგრძნო და მაშინვე განგაში ატეხა. ეზოში შესულს როგავების სახლიდან არც ერთმა იქ მცხოვრებმა ქალბატონმა ხმა არ გასცა, მიხვდა რაღაც ხდებოდა, რადგან სახლიდან საშინელი სუნი გამოდიოდა და სასწრაფოდ 112-ში დარეკა. მალე მივიდნენ ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები და უმძიმესი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და როლენა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილას დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო შველიძე:

"ძალიან სამწუხარო ამბავია მომხდარი. გარდაცვლილები დები არიან. ტყუპი ნაირა და როლენა როგავები 60 წლისანი იყვნენ, მათ ჰყავდათ სახლში უფროსი და, დალი როგავა, რომელიც ტყუპებზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, 66 წლის იქნებოდა. სამივენი ერთად ცხოვრობდნენ, ერთ სახლში. არც ერთი გათხოვილი არ იყო. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. სულ სახლში იყვნენ, იქ საქმიანობდნენ. ამ ოჯახში სულ 6 შვილი გაიზარდა, მათი დედმამიშვილებიც უკვე გარდაცვლილები არიან. 

ახლო მეზობელი არ ჰყავდათ და ამიტომ მოხდა ასე გვიან რომ გაირკვა ეს ამბავი. მე წუხელ, ღამის სამ საათზე შევიტყვე მომხდარი, დამირეკეს ძალოვნებმა, რომ მივედი სამართალდამცავები, კრიმინალისტები და ყველა უკვე იქ იყო. ოთახში არ შევსულვარ, რადგან ეზოშიც საშინელი, გაუსაძლისი სუნი იდგა და სპეციალურად დამცავი პირბადის გარეშე სახლში შესვლას ვერც შევძლებდით. ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი, იმიტომ, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ თუ არ თქვა მიზეზი, თუ არ დაიდო ექსპერტიზის პასუხი, ჩვენ ვერანაირი ინფორმაციას ვერ ვფლობთ. უფროსია დალი, როლენა და ნაირა არიან ტყუპები. როგორც ვიცი, ძმისშვილი პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საქართველოში რომ არ არის ამჟამად ეს ნამდვილად ვიცი. დადებითად დავახასიათებ გარდაცვლილებს, სოფელში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. 

როგორც მეზობელი ამბობს, საშინელი სუნი იგრძნო, ეზოში შესულა, მაგრამ თურმე ისეთი მძაფრი სუნი იყო, პოლიცია გამოიძახა. შეატყობინეს პოლიციას, პოლიციის მოსვლამდე სახლში არავინ შესულა, რადგან მიხვდნენ რომ რაღაც ხდებოდა. ისეთი სუნი იყო, ახლოსაც ვერ მივიდოდა ადამიანი. დარეკა პოლიციაში და ხალხიც მოგროვდა ეზოში. 

ძალოვნები რომ შევიდნენ სამივე გარდაცვლილი დახვდათ. თავიანთ საწოლებში ნახეს ისინი. ორი ერთ ოთახში და მესამე მეორე ოთახში. ბოლოს მეზობლებმა ალბათ ოთხი-ხუთი დღის წინ ნახეს, ამიტომ არის ვარაუდი, რომ რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან. ცხედრები გახრწნილია. მე როგორც კი შემატყობინეს, პოლიციამ რომ დამირეკა მივედი მაშინვე, მაგრამ სახლში შესვლა ვერ შევძელი, რადგან ძალიან მძაფრი სუნი იყო. საჭმლით ინტოქსიკაციას ვარაუდობენ, მაგრამ მე ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი. მჭიდრო მოსახლეობა არ არის, ახლო მეზობელი არ ჰყავდათ და ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ გვიან იპოვეს ცხედრები. სულ ექვსი დედმამიშვილები იყვნენ, დღეს არც ერთი აღარ არის ცოცხალი.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×