
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბატონმა საყვარელიძემ, პრაქტიკულად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რაზეც წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ მაშინდელი ხელისუფლება იყო აყოლილი პროვოკაციას, არ ჰქონდათ გეგმა, დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რაც წამოვიდა უცხოური ძალების, რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, დავით საყვარელიძემ აღიარა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ „სასწორზე შეაგდო საქართველოს ბედი“.
„საუბრობდნენ, რომ მათ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჰქონდათ და აღმოჩნდა, თურმე მეორე დღეს გაიგეს, რომ რუსეთი არ დაუთმობდა არავის იმ ტერიტორიას, რომელზეც სააკაშვილმა შეიყვანა სამხედრო ძალები. საყვარელიძემ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სასწორზე შეაგდო საქართველოს ბედი და თქვა კიდეც, ნახევარი ნაბიჯი გვაკლდა, რომ დავკარგავდით სახელმწიფოებრიობასო. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც, სხვაზე კი არაფერზე – სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას და ქართულ იდენტობას რომ დაკარგავდნენ ამ პროვოკაციაზე და ასეთ ავანტიურაზე აყოლით, რომ არ ადარდებდათ საქართველოს ბედი. ამ დროს ტელევიზიებიც სხვა რამეს აცხადებდნენ. კარგად გვახსოვს მეორე, მესამე დღეს, რომ ჩვენ დავიკავეთ რაღაც ერთი მთა, მეორე მთა, ვიმარჯვებთ და ა.შ. როგორც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაზე საუბრობენ. უკვე მეხუთე წელია, ამბობენ, იმარჯვებს უკრაინა და რუსეთი მარცხდებაო. ვხედავთ ჩვენ რა სამწუხარო მდგომარეობაც არის უკრაინაში. და აქ მეორე, თუ მესამე დღეს აზეიმეს რუსთაველზე გამარჯვება, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, დაადასტურა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საყვარელიძემ. ამაზე ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ, კომისიაზე დავადგინეთ, რომ პირდაპირი გაგებით ადგილი ჰქონდა ღალატს და საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო გადადგმული ნაბიჯები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა: „რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო 2008 წელს, არ ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის გეგმა ბოლომდე დამუშავებული, ისინიც ქაოტურად მოქმედებდნენ, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები“.