
ექვსი წლის წინ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიშვილის დედა ბრძოლას აგრძელებს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ყოველ ორშაბთს მივა პროკურატურასთან და ასე გააგრძელებს იქამდე, სანამ მისი შვილის ბურუსით მოცულ სიკვდილზე გვარაკიძის უწყება ხელახალ გამოძიებას არ დაიწყებს. თამაზაშვილის თქმით, გუშინ, როდესაც პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფებოდა, უწყებას განცხადება უკვე მზად ჰქონდა, რომელიც შეხვედრის დასრულებისთანავე გამოაქვეყნეს.
„გავაგრძელებ ბრძოლას, რითაც შემეძლება. წავალ, იქ დავჯდები და მათ მშვიდი ძილის საშუალებას მაინც არ მივცემ. დამელოდონ ყოველ ორშაბათს იქ. ამით შევუქმნი დისკოფორტს, დავჯდები, მოვითხოვ კომპიუტერს და გამოძიების ხელახლა დაწყებას. დაგვიბარეს გუშინ, უკვე გამზადებული ჰქონდათ ის წერილი, რაც გამოაქვეყნეს. ჯერ შენობაც არ გვქონდა დატოვებული, რომ ეგრევე თითი დააჭირეს და გამოაქვეყნეს. არ მივსულიყავით და იტყოდნენ, აი ჩვენ კი დავიბარეთ გასაუბრებაზე და არ მოვიდნენ. ვეუბნები, რატომ არ მბრუნებთ თამარის კომპიუტერს, რომელიც აჩუქეს-თქო და მეუბნებიან, არავის უჩუქებიაო. კარგი-თქო, იქ არ მქონდა ტელეფონი, გავალ და დავდებ იმ ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ აჩუქეს-თქო“, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
ცნობისთვის, მშობლები საქმის ჩაფარცხვაზე საუბრობენ და ხელს გრიგოლ ლილუაშვილს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს ადებენ.
გუშინვე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადჰყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.