
ექსპრემიერ ნიკა გილაურს წილები და ქონება დაუყადაღეს, სახლი იძულების წესით გაუყიდეს - ამის თაობაზე ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. ქართულმა სასამართლომ მას და მის კომპანიებს 12 მილიონ დოლარზე მეტი დააკისრა:
"2026 წლის 16 ივლისს სახელმწიფოს ელექტრონულ აუქციონზე გაცხოველებული ვაჭრობა გაიმართა. ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ აუქციონის მონაწილეები კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში იბრძოდნენ წავკისში 4 მილიონ 876 ათას ლარად შეფასებული სახლის შესაძენად. მიწა 3 368 კვ.მ და ვილა ფართობით 1 157 კვ.მ, ეზოში ღია აუზით, ჩოგბურთის კორტებითა და ფარეხით - 70-ზე მეტი ბიჯის შემდეგ გაიყიდა. აუქციონი 16:00 საათზე საწყისი ღირებულების 10 პროცენტიდან - 487 ათასი ლარიდან დაიწყო. ვაჭრობის დასასრულისკენ კი სამი ანონიმური მყიდველი 48-ათასიანი მატებით დებდა ფსონებს, თუმცა 16:30 საათზე ერთ-ერთმა მოულოდნელად, სტანდარტულ ბიჯზე 9-ჯერ მეტით - 438 840 ლარით გაზარდა ფასი. წავკისის ვილა - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მიწა და სახლი ვახტანგ გორგასლის მე-9 ჩიხში - ანონიმმა თითქმის 4 მლნ ლარად შეიძინა.
"რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც წყაროს ინფორმაციას ადასტურებდა: ეს არის თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც აღწერილია, როგორ დააკისრეს ნიკა გილაურსა და მის კომპანიებს დაახლოებით 12 მილიონი დოლარი. იგივე საბუთები ადასტურებს სხვადასხვა კომპანიაში გილაურის წილებისა და მისი ბიზნესპარტნიორის ქონების დაყადაღებასაც. ამ გადაწყვეტილებების მიხედვით, წავკისის სახლი არ უნდა დარჩეს ერთადერთ ქონებად, რაც ნიკა გილაურს ჩამოართვეს და იძულებით გაუყიდეს..." - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა აქვეყნებს ნიკა გილაურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2025 წლის 12 თებერვალს გადაწყვეტილებასაც და წერს: "გილაურის მხარემ ჯერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ზემდგომმა ინსტანციებმა მრავალტომიანი საქმის განხილვა, რომელიც ჯამში ათამდე კომპანიას და რამდენიმე კერძო პირს ეხებოდა, 8 თვეში დაასრულეს, გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. გილაურის და მისი პარტნიორების ქონება დააყადაღეს და აუქციონზე გასატანად მოამზადეს". სტატიაში საუბარი ეხება მის მიერ შექმნილ ფონდსაც - Prosperity Georgia და ნათქვამია, რომ 2025 წლის მარტში გილაურის ფონდი დააყადაღეს.
ექსპრემიერის ქონების დაყადაღება და გაყიდვა ეხება რამდენიმე ენერგეტიკულ პროექტში ბიზნეს დავებს, რომლებიც გილაურის პარტნიორების სასარგებლოდ გადაწყდა და მისი ქონების აუქციონზე გამოიტანეს გასაყიდად.