
ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის თქმით, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიბაძავენ, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან, ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაჩქარდება.
„ძალიან მისასალმებელია ეს მიწვევა. ჩვენ უფრო ფართო ჭრილში უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი. როდესაც ზოგადად ბრიუსელი იყო გაბუტვის რეჟიმში, რუკაზეც არ გვიმჩნევდნენ. ძალიან კარგი იქნება თუ ისინი გამოვლენ ამ რეჟიმიდან და გაუსწორებენ რეალობას თვალს, ვინაიდან, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს მიწვევა პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან როგორც პოზიტიური ნაბიჯი, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიბაძავენ ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან დაჩქარდება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი“ - აღნიშნა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია.