
თბილისში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ქუჩებისა და ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
"თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, უკვე აღდგენილია დაზიანებული სანიაღვრე ქსელების ნაწილი. უხვი ნალექის შედეგად ჩამოტანილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან დედაქალაქის ქუჩების წმენდა ამ დრომდე გრძელდება.
"თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის განცხადებით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, თბილისის ქუჩების მორეცხვაც დაიწყება.
"გამთენიისას დავასრულეთ მუშაობა მძიმე ტექნიკის საშუალებით. მთელი ქალაქის მასშტაბით, 10-ვე რაიონში ყველგან, სადაც იყო მძიმე ტექნიკის სამუშაო, წვიმის შედეგად მიყენებული ზიანი აღმოფხვრილია, დასუფთავება გრძელდება, რა თქმა უნდა, უბრალოდ მხოლოდ ცოცხალი ძალის საშუალებით, იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით საავტომობილო გზებზე, თუ ფეხით სავალ ნაწილზე უსაფრთხოდ შეუძლიათ მოქალაქეებს გადაადგილდნენ.
ამ ეტაპისთვის მუშაობს მხოლოდ ცოცხალი ძალა.
მთელი ქალაქის მასშტაბით, ასევე, ვახორციელებთ შემოვლებს, რათა სადმე, თუ იქნება სანიაღვრე ქსელი დაზიანებული, მყისიერად იქნეს რეაგირება მიღებული და ღამის საათებში უკვე ასფალტის საფარი დროულად დაიგო ყველგან, სადაც იყო მძიმე ვითარება, ხოლო მცირე მონაკვეთები, სადაც არის დარჩენილი, დღეს ღამე სრულად იქნება ათვისებული," - განაცხადა "თბილსერვის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პაპავამ.