
სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვაშინგტონით უკმაყოფილება იზრდება - აშშ-ის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ დონალდ ტრამპს ირანთან შეთანხმება არ შეუძლია, - წერს The Washington Post-ი არაბ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
WP-ის წყაროების ცნობით, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ქუვეითისა და ბაჰრეინის მთავრობები ახლა „ერთსულოვანნი არიან თავიანთ გაღიზიანებაში“ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებების გამო.
„ტრამპმა დაიწყო ეს ომი, ჩვენ კი საფასურს ვიხდით“, - აღნიშნა სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის ოფიციალურმა პირმა. მისი თქმით, აშშ-ის მისამართით ბრაზმა 2026 წლის თებერვალში ირანთან ომის დაწყების მომენტიდან პიკს მიაღწია.
მზარდმა გაღიზიანებამ ზოგიერთ ქვეყანას „თანამშრომლობის ახალი ვარიანტების“ განხილვისა და საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების შემდგომი განთავსების მიზანშეწონილობაზე ფიქრზე აიძულა. „თუმცა ჯერჯერობით ვაშინგტონი სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების სფეროში საკვანძო პარტნიორად და იარაღის მთავარ მომწოდებლად რჩება, რეალური ალტერნატივა კი მათ არ გააჩნიათ“, - წერს WP.
სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლის თქმით, მათთვის ერთადერთი ვარიანტი ვაშინგტონთან ალიანსების გაძლიერებაა. „რაც უნდა გავაკეთოთ, შეერთებულ შტატებს „არა“-ს ვერ ვეტყვით“, - ამბობს ის.
თუმცა აშშ-ისთვის სიგნალი გახდა კოლექტიური თავდაცვის შესახებ შეთანხმება, რომელსაც გასულ კვირას საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა მოაწერეს ხელი. მაღალი რანგის ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, ამ გზით ეს სამი ქვეყანა „ცდილობს დივერსიფიკაცია გაუკეთოს თავის პარტნიორულ ურთიერთობებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპს „ძალზედ კარგი“ ურთიერთობები აქვს სპარსეთის ყურეში აშშ-ის ყველა პარტნიორთან. მისი თქმით, „თავისი ტერორისტული მოქმედებების შედეგად ირანი იმაზე მეტად აღმოჩნდა იზოლირებული, ვიდრე ოდესმე“.