რეზონანსი
15.08.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას თავდასხმის შედეგად, სამი ისრაელელი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა.

თავდასხმას ისრაელის მხრიდან საპასუხო დარტყმების ტალღა მოჰყვა, რასაც, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა ჰეზბოლა ისრაელელ ჯარისკაცებზე თავდასხმით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, საპასუხოდ მათ ჰეზბოლას ელიტარული "რადვანის" დანაყოფის შტაბ-ბინაზე მიიტანეს დარტყმა, რის შედეგადაც ბატალიონის მეთაური და კიდევ რამდენიმე პირი დაიღუპა. ისრაელის არმიის ცნობით, დარტყმის მომენტში მეთაურთან ერთად მისი ოჯახიც იმყოფებოდა და აღნიშნეს, რომ მან "საკუთარი ოჯახი ცოცხალ ფარად გამოიყენა".

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრები დარტყმის სამიზნეს არ წარმოადგენდნენ" - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

"ლიბანის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - ასეთის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ექსკლუზიურად ლიბანის სახელმწიფოს, ლიბანის არმიასა და მის ლეგიტიმურ ინსტიტუტებს ეკისრება. ამ ინფრასტრუქტურის არსებობა ისრაელს არ აძლევს უფლებას, დაარღვიოს ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა ან საფრთხე შეუქმნას მშვიდობიან მოსახლეობას," -  განაცხადა სალამმა სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×