
ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას, - აცხადებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.
მისივე თქმით, უხვი ნალექის გამო მთაწმინდის რაიონიდან ბევრი შეტყობინება შევიდა.
„მოგეხსენებათ, გუშინ უხვი ნალექი იყო, ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. გამგეობა მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავით მთელი ღამის განმავლობაში. მთელი მთაწმინდის რაიონში ძალიან ბევრი შეტყობინება იყო, ვცდილობთ დავეხმაროთ მოსახლეობას. ვახდენთ აღრიცხვას პრობლემების, რომლებსაც გადავამუშავებთ და ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობა“, - განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა.
უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზები და ქუჩები თბილისში ინტენსიურად იწმინდება. პროცესში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკაა ჩართული. საგანგებო რეჟიმში მუშაობს, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური. გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემა დედაქალაქის რამდენიმე უბანში შეიქმნა. ჩამოიშალა მიწის მასაც. გზების გარდა, დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები. ასევე მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორია.