რეზონანსი
15.08.2026

ინდო-ხმელთაშუაზღვისპირეთის ინიციატივა 2024 წლის ივნისში რომში, მშვიდობის საკურთხეველთან დაიწყო. მორიგი ინდო-ხმელთაშუაზღვისპირეთის დიალოგის ფარგლებში, ვას შენოი ავსტრალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სკოტ მორისონს ესაუბრა მსოფლიო უსაფრთხოების ცვალებად არქიტექტურაზე, ინდოეთის როლის გაძლიერებაზე, ჩინეთის გავლენის გაფართოებაზე, Quad-ის (უსაფრთხოების ოთხმხრივი დიალოგი) და AUKUS-ის - ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის თავდაცვის პარტნიორობის, რომელიც 2021 წელს შეიქმნა - მომავალზე, ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ევროპის უფრო აქტიური ჩართულობის საჭიროებაზე. 

მორისონი, რომელიც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018-დან 2022 წლამდე იკავებდა, იყო Quad-ის სახელმწიფო ლიდერების დონემდე აყვანის ერთ-ერთი პოლიტიკური არქიტექტორი და AUKUS-ის ერთ-ერთი ინიციატორი. 

„ინდოეთის მონაწილეობა Quad-ში მას უნიკალურს ხდის. მე არ შემიძლია ამ ფაქტორის მნიშვნელობის გადაფასება“.

ვას შენოი: „ნება მომეცით, დავიწყო ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობით და ახალი მექის პაქტით. ხედავთ თუ არა შედეგებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, განსაკუთრებით ინდოეთისთვის, ჩინეთისა და ავსტრალიისთვის?“

სკოტ მორისონი: „ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, თავად ახლო აღმოსავლეთის გამოკლებით, აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული მიმდინარე მოვლენებით. შედეგები ნავთობის, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა საქონლის ფასებზე განსაკუთრებით მძიმეა რეგიონის განვითარებადი ქვეყნებისთვის. 

ის, რაც ხდება, ასახავს უფრო ფართო ტენდენციას: გლობალური წესრიგი სულ უფრო მეტად განაწილებული და პლურალისტური ხდება. ჩვენ ვიხილავთ სულ უფრო მეტ მინილატერალურ შეთანხმებას უსაფრთხოების, ვაჭრობის, დაზვერვისა და ტექნოლოგიების სფეროში. 

ინდოეთი უკვე თამაშობს ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს მსოფლიო გეოპოლიტიკაში. ავსტრალიისთვის ეს ნიშნავს საჭიროებას, თავად გამოიჩინოს ინიციატივა და მონაწილეობა მიიღოს ახალი კოალიციების ფორმირებაში“.

შენოი: „ჩინეთი აფართოებს ურთიერთქმედებას ისლამურ სამყაროსთან და სხვადასხვა რეგიონულ გაერთიანებებთან. გახდება თუ არა პეკინი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი მსგავს შეთანხმებებში?“

მორისონი: „აუცილებელი არ არის, რომ ჩინეთი თითოეულ მათგანში იყოს წარმოდგენილი. მინილატერალური თანამშრომლობის ბუნება იმაში მდგომარეობს, რომ თანამოაზრე ქვეყნები ერთიანდებიან კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ჩინეთი შეეცდება იყოს წარმოდგენილი ყველა რეგიონში, სადაც ეს მის ინტერესებს შეესაბამება. თუმცა, ეს არ ნიშნავს პეკინის ავტომატურ მონაწილეობას თითოეულ ფორმატში. 

Quad მინილატერალური გაერთიანების კარგი მაგალითია. ის შეიძლება გახდეს უკიდურესად გავლენიანი, თუ შეინარჩუნებს მკაფიო ორიენტირს და დაკავდება უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებით“.

შენოი: „თქვენმა მთავრობამ ხელი შეუწყო Quad-ის ლიდერების დონეზე აყვანას. როგორ ხედავთ მის შემდგომ განვითარებას?“

მორისონი: „ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით უფრო აქტიურად არის ჩართული Quad-ში, ვიდრე ეს ზოგჯერ ვარაუდობენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზღვაო უსაფრთხოებას მთელ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. 

მე ინდოეთის უფრო აქტიური მონაწილეობის მტკიცე მომხრე ვარ. აშშ-ს, ავსტრალიას, იაპონიასა და ინდოეთს შესაძლებლობების უნიკალური კომბინაცია გააჩნიათ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებსა და იშვიათმიწა ელემენტებს, სადაც Quad-ს შეუძლია გამოიყენოს თავისი ეკონომიკური რესურსები.

სწორედ ინდოეთის მონაწილეობა ხდის Quad-ს უნიკალურს. შეუძლებელია ინდოეთის მნიშვნელობის გადაფასება ამ ფორმატის წარმატებისთვის“.

შენოი: „ინდოეთი დამოუკიდებლობის 80 წლისთავს უახლოვდება. როგორ განვითარდება მისი საგარეო პოლიტიკა მომდევნო ათწლეულში?“

მორისონი: „ინდოეთი არ ერიდება საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობას. ის ინარჩუნებს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, თუმცა სტრატეგიული ავტონომია არ არის თვითმიზანი. ეროვნული ინტერესები მას აშშ-სთან, ავსტრალიასთან, იაპონიასთან, კორეასთან და სხვა სახელმწიფოებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ უბიძგებს. პრემიერ-მინისტრი მოდი ძალიან პრაგმატულ მიდგომას ავლენს. ის მზად არის ნებისმიერ სახელმწიფოსთან ისაუბროს, თუ ეს ინდოეთის ინტერესების წინ წასაწევად არის საჭირო. დოქტორი ჯაიშანკარი ამ სტრატეგიის განხორციელებაში ნიჭიერი და შრომისმოყვარე თანაშემწეა.

უზარმაზარი შესაძლებლობები იხსნება ეკონომიკაში, ტექნოლოგიებსა და კოსმოსში. მომდევნო 20–30 წლის განმავლობაში ინდოეთი სავსებით შესაძლებელია გახდეს კოსმოსური სახელმწიფო მისი კოსმოსური ეკონომიკის ზრდასთან ერთად. 

ინდოეთის წინაშე, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება სერიოზული ამოცანები. ბიზნესის წარმოება კვლავინდებურად არ არის მარტივი, ხოლო მარეგულირებელი სისტემა მეტ პროგნოზირებადობას საჭიროებს. თუმცა კანონის უზენაესობა, სტაბილური ინსტიტუტები და დემოკრატია მნიშვნელოვანი უპირატესობებია გრძელვადიანი კაპიტალის მოსაზიდად. 

ჩვენ ვხედავთ, როგორ გადის კაპიტალი თანდათან ჩინეთიდან. ინდოეთი მისი მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება“. 

შენოი: „როგორ გამოიყურება რეგიონი ავსტრალიიდან?“ 

მორისონი: „ავსტრალიას უნიკალური მდებარეობა უკავია ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის. ჩვენი ეკონომიკური მომავალი ორივესთან არის დაკავშირებული და ორივეში არსებობს უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები. 

დაძაბულობამ ტაივანის სრუტეში, სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში დიდი გავლენა იქონია ავსტრალიის თავდაცვის პოლიტიკაზე, მათ შორის წყალქვეშა ფლოტის განვითარებაზე AUKUS-ის ფარგლებში.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ინდოეთის ოკეანე. მასზე გადის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მარშრუტები, წყალქვეშა კაბელები, მონაცემთა, საწვავისა და საკონტეინერო გადაზიდვების ნაკადები, რომლებიც აკავშირებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს აზიასთან. 

ავსტრალიამ ბევრად უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ინდოეთის ნაწილის უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე. 

ჩინეთი უკვე აფართოებს გავლენას ინდოეთის ოკეანეში. ჩვენ ამას ვაკვირდებოდით შრი-ლანკაში, პაკისტანსა და მიანმარში. ამ აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ეკონომიკურია, მაგრამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური ყოფნა შეიძლება გახდეს უფრო ფართო სტრატეგიული გავლენის პირველი ეტაპი. 

ინდოეთს კარგად ესმის ეს საფრთხე და ამავდროულად აწყდება სერიოზულ სავაჭრო დისბალანსს ჩინეთთან“. 

შენოი: „შეუძლია თუ არა AUKUS-ს შეუერთდეს იაპონია ან ინდოეთი?“ 

მორისონი: „AUKUS, ჩემი აზრით, შეინარჩუნებს ამჟამინდელ სამმხრივ ფორმატს. პირველი კომპონენტი დაკავშირებულია ავსტრალიის წყალქვეშა პოტენციალის განვითარებასთან, საკუთარი წყალქვეშა ნავების მშენებლობისა და დასავლეთ ავსტრალიაში ამერიკული წყალქვეშა ძალების როტაციული ყოფნის ჩათვლით. ეს აძლიერებს აშშ-ის ყოფნას ინდოეთის ოკეანეში. 

მეორე კომპონენტი მოწინავე თავდაცვის ტექნოლოგიებს ეძღვნება. სწორედ აქ არის შესაძლებელი დამატებითი პარტნიორობა ცალკეულ პროექტებზე. 

იაპონია ყველაზე სავარაუდო პარტნიორად მიიჩნევა. სამხრეთ კორეას ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ცალკეულ მიმართულებებში. ინდოეთი - შესაძლოა, მაგრამ ამჟამად ის არ ისწრაფვის AUKUS-ში ფორმალური მონაწილეობისკენ და არც აშშ სთავაზობს მას ასეთ ფორმატს. AUKUS-ის მთავარი ამოცანაა ეფექტური შეკავების შექმნა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“.

შენოი: „როგორ აფასებთ ავსტრალიურ-იტალიურ თანამშრომლობას თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში?“

მორისონი: „ის უკვე ვითარდება. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Leonardo, სერიოზული მოთამაშეები არიან. დღეს ევროპა და მრავალი დასავლური დემოკრატია ხელახლა იარაღდება და არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დამოუკიდებლად დააკმაყოფილოს მთელი წარმოქმნილი მოთხოვნა.

დასავლური დემოკრატიების უპირატესობაა - მძლავრი კერძო სამრეწველო ბაზა, საერთაშორისო ქსელები და თავსებადი სისტემების შექმნის უნარი. 

ინდოეთი ასევე განავითარებს საკუთარ თავდაცვის მრეწველობას, უფრო განვითარებული ქვეყნებიდან ტექნოლოგიებისა და სპეციალისტების მოზიდვით. ის შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი საწარმოო და ტექნოლოგიური ბაზა. 

არსებობს ბოლო წლების კიდევ ერთი გაკვეთილი: ცივი ომის დასრულების შემდეგ დროს პრაქტიკულად არ ჰქონდა სტრატეგიული ფასი. ახლა დროს ფასი აქვს. უკრაინამ და ირანმა აჩვენეს, რომ აღჭურვილობის დღეს ქონა შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ხუთ წელიწადში უფრო სრულყოფილი სისტემის მიღების შესაძლებლობა“. 

შენოი: „რას ეტყოდით ევროპელებს ავსტრალიასა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე?“ 

მორისონი: „იყავით ჩართულები. ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური ცენტრია.  ევროპა კვლავინდებურად ძლიერია და ფლობს უზარმაზარ განვითარებულ ეკონომიკას, თუმცა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მიმდინარე მოვლენების - მისი საფრთხეების, შესაძლებლობების, ეკონომიკური პროცესებისა და უსაფრთხოების საკითხების - გაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ევროპული კომპანიებისთვის. 

ავსტრალია და ინდოეთი შეიძლება გახდნენ ევროპისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმები ამ რეგიონის გასაგებად. იაპონიასთან, კორეასთან და სხვა სახელმწიფოებთან ერთად ისინი ქმნიან საკვანძო შეხების წერტილების ქსელს.

ადრე ევროპა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონს აღიქვამდა, როგორც რაღაცას, რაც „იქ, საზღვარგარეთ“ მდებარეობს.  ახლა ევროპა უკვე იქ არის და სწორედ ეს რეგიონი ხდება მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.

სტატიის ავტორია ვას შენოი - იტალიელ-ინდოელი მეწარმე, კონსულტანტი და ანალიტიკოსი, რომელმაც 2024 წელს, დააარსა ინდოეთ-ხმელთაშუა ზღვის ინიციატივა. მისი გაშვება შედგა ავგუსტუსის მშვიდობის საკურთხეველთან (Ara Pacis), რომში. შენოი ასევე არის ინდოეთის მთავარი წარმომადგენელი იტალიაში, ინდოეთის სავაჭრო პალატაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×