რეზონანსი
14.08.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა. სკანდალური ჩვენება მთავრობის ექს მაღალჩინოსანმა დახურულ სასამართლო პროცესზე მისცა, სადაც დისტანციურად სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ერთვებოდა.

მსჯავრდებული მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ დავალებებს სწორედ სუსი-ს ექს-შეფისგან იღებდა,  ამის შემდეგ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებებს თავად აწარმოებდა და მათთვის ფულის გამორთმევას სახელმწიფო ინტერესით ფუთავდა.  სკანდალური ამბები დახურული სასამართლო პროცესიდან პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა გამოიტანა. 

„მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხული. პირადად გადასცა და დავალებაც მან პირადად მიიღო, რომ წამოეღო, მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისაგან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, გამოკითხულები არიან თუ არა ის ბიზნესმენები, ვისგან ქრთამის აღებასაც ედავება პროკურატურა ლილუაშვილს, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ დიახ, ერთ-ერთი პირი დაკითხულია.

„ის დაიკითხა სასამართლოში და ისაუბრა ამ დეტალებზე, თუ როგორ გამოართვა რომეო მიქაუტაძემ თანხა, რომე ეს განემარტა მას და შეიფუთა როგორც, სახელმწიფოს ინტერესი.  ანალოგიური გაიმეორა სხვათაშორის დღეს დაკითხულმა მოწმემაც. ჩვენებები აბსოლუტურად თანხვედრაშია. რა თქმა უნდა რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია მისთვის, თუ ვისთვის მიჰქონდა თანხა. შეფუთა, როგოროც სახელმწიფო ინტერესი. მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი. შესაბამისად ისაუბრა იმაზეც, როგორ მოახდინა საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება“, - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა. 

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×