რეზონანსი
13.08.2026

სცენარი წინასწარ დაგეგმილი და შემუშავებულია. ნარკოტიკს გამსაღებელი კონკრეტულ ადგილზე ტოვებს, რის შემდეგაც მყიდველი მითითებულ ლოკაციაზე მიდის და ნივთიერებას იღებს. გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ ამ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ასაღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს ე.წ. დადების მეთოდით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში ერთობლივად ჩაატარა.

განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა. მოპოვებული ვიდეომასალა საქმეში ახლა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. დანაშაულში ფიგურანტი პირები ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის პრინციპითაც ახდენდნენ. მურად სიდიანი ერთ-ერთი იმ 55 დაკავებულს შორის, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ედავება. სამართალდამცველებმა ის თბილისში მაშინ აიყვანეს, როდესაც ქუჩაში გადაადგილდებოდა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ბრალდებულების საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.

დანაშაულში ფიგურანტი პირები სხვადასხვა ნივთიერებას აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ავტომობილის საბურავებში ინახავდნენ. სპეციალური სამალავები ბრალდებულებმა პოლიციას თვითონ უჩვენეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფულადი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღიც.

"კურიერი" დღეს ერთ-ერთი დაკავებულის, მიხეილ ცერცვაძის საცხოვრებელ სახლთანაც იმყოფებოდა. ადგილობრივები საპოლიციო ღონისძიების შესახებ არ საუბრობენ. უფლებადამცველების ნაწილი კი კამერებთან პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციისთვის დაკავებულ 135-ვე პირს ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს.

პროკურატურა სასამართლო პროცესზე უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულებისთვის სასჯელი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×