
გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა უმძიმესი შედგით დასრულდა. გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილთა ვინაობა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიკროავტობუსში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და ისინი კურორტზე ექსკურსიით იყვნენ ასულები. იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს უმძიმესი ტრაგედია მოხდა.
"სამწუხარო ფაქტია, ჯერ ითქვა ორი ადამიანია გარდაცვლილიო, მერე ოთხამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი, როგორც ვიცი, უცხოელები არიან ყველანი. საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ის მართავდა, ისიც დაშავებულია და კლინიკაშია გადაყვანილი. ბჟუჟჰესთან არის ავარია მომხდარი. გომისმთიდან მოდიოდნენ, ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო. ბელორუსიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები დანარჩენები.
როცა დაბლა ჩამოვიდნენ, იქ არის ავარია მომხდარი. როგორც ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ხეს დაეჯახა მანქანა, მუხრუჭებიდან გამომდინარეო. ზუსტად რამ გამოიწვია არ ვიცი. გზა ძალიან კარგად არის გაკეთებული. რამ გამოიწვია არ ვიცი. როგორც გავიგე, ბავშვებიც იყვნენ და ძალიან მძიმედ არიანო გადაყვანილი საავადმყოფოში. მეტი დაზუსტებული არაფერი ვიცი. ისეთი ამბებია, ძალიან ბევრი ტურისტი დადის, განსაკუთრებით ბელორუსები, უზბეკები ჯგუფებად დადიან. სამწუხარო ამბავია და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს.
მთიდან რომ დაეშვები, იქ სამი გორაა გადმოსასვლელი, ერთია ეს მიხვეულ-მოხვეული გზები და დაბლა რომ ჩამოდიხარ, იქ აღარ არის საფრთხე, რამდენიმე ნაბიჯში უკვე სოფელი გომი იწყება და თითქმის დაბლა არიან ჩამოსული, სამშვიდობოს ჩამოსულებს დაემართათ ეს უბედურება. ხეს დასჯახებია, მერე ის ხე გადატყდაო. იქვე ხრამში არ ჩაცვივდნენ, ხემ შეაჩერაო”, - განუცხადა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა.
წყარო: "კვირის პალიტრა"