
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ხელისუფლება” საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელს არ შეუშლის. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “ხელისუფლებამ” ადგილობრივ მედიასთან გააკეთა.
კერძოდ, ადგილობრივმა მედიამ ე.წ. “ხელისუფლებას” კომენტარის გაკეთება სთხოვა ოკუპირებულ რეგიონში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.
“საწვავის მიწოდება გრძელდება რუსეთის ფედერაციიდან კონტრაქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში, თუმცა, გარე ფაქტორებით გამოწვეული შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის არასაკმარისია. ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ალტერნატიული წყაროებიდან საწვავის მიწოდების შესაძლებლობებზე. საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდების განხორციელების შესაძლებლობის პოვნა. როგორც ცნობილია, ომისშემდგომ წლებში საწვავის საჭიროებების უზრუნველსაყოფად აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ასევე ხორციელდებოდა მიწოდებები საქართველოში”, - განაცხადეს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “ხელისუფლებაში”.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.