რეზონანსი
12.08.2026

ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ გონივრულ პოლიტიკასა და მტკიცე ნებაში აისახება,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „დიდგორობაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, დიდგორი გვასწავლის, რომ როცა ერი - ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი, ხოლო საზოგადოება - ქვეყნისადმი ერთგულებით განმსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც დაძლევადია.

„გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს, ჩვენი ერის ერთიანობის, სიმამაცისა და ბრწყინვალე გამარჯვების უკვდავ სიმბოლოს. თითოეული ქართველის გულსა და გონებაში ეს არის წმინდა, განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც გვეამაყება, ეროვნულ თვითშეგნებას გვიძლიერებს და მომავლის რწმენას გვიმტკიცებს.

1121 წლის 12 აგვისტოს გამუდმებით არა მხოლოდ რიცხობრივად უპირატეს მტრის დამარცხება მოხდა, არამედ ამ გამარჯვებამ ქვეყნის ერთიანობა განამტკიცა და ძლიერი და განვითარებული ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. დიდგორის ველზე მოპოვებული „ძლევაი საკვირველი“ თითოეული დიდგორელის შეუპოვრობასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, დავით მეფის ბრძნული და მრავლისმჭვრეტელი პოლიტიკის შედეგი იყო.

დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით დაიწყო, ჯარის რეფორმირებით, ეროვნული ერთიანობის განმტკიცებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობითა და ერში სულიერი და მორალური ორიენტირების გაძლიერებით. წმინდა მეფე დავითმა თავისი გამორჩეული მხედართმთავრული ნიჭი, სახელმწიფოებრივი ხედვა და შინაგანი სულიერი სიმტკიცე მამულის, ენისა და სარწმუნოების განმტკიცებას მიუძღვნა. სწორედ ამ მძლავრ საფუძვლებზე გახდა შესაძლებელი გამარჯვება, რომელმაც საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ გონივრულ პოლიტიკასა და მტკიცე ნებაში აისახება.

ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება ქართული ჯარის სულისკვეთება. სწორედ სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა.

დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობისა და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ. ეს არის გზა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ისტორიის საუკეთესო გამოცდილებასა და ჩვენი საერთო მომავლისადმი უდიდეს პასუხისმგებლობას.

დიდგორი გვასწავლის, რომ მაშინ, როცა ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი, ხოლო საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით განმსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია. გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს! მარადიული ხსოვნა დიდგორის გმირებს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×