
ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში წყალსადენის ორი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხება გამოიწვია - არსებული მონაცემებით, ჩიგველის რაიონში 10 000-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება ან დაბალი წნევით მიეწოდება, - წერს Sky News-ი.
პრობლემა შაბათს საღამოს შეიქმნა. წყალმომარაგების კომპანია Thames Water-ი ავარიის აღმოფხვრას მას შემდეგ ცდილობს. დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ დაზიანების შეკეთება „მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა".
Thames Water-ის წარმომადგენელმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ შეფერხება ნაწილობრივ ხანგრძლივმა სიცხეებმა და გვალვამ გამოიწვია:
ამ განსაკუთრებით ცხელი და მშრალი ამინდების გამო გამომშრალმა ნიადაგმა, შესაძლოა, მიწისქვეშა მილების წანაცვლება და მათი გასკდომის რისკი გაზარდოს. ჩვენი ჯგუფები შაბათის შემდეგ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ადგილზე, რათა შეკეთება და წყალმომარაგების აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. გვესმის, რამდენად დისკომფორტულია წყლის გარეშე დარჩენა, განსაკუთრებით ასეთ ცხელ ამინდში, და მადლობას ვუხდით მოსახლეობას მოთმინებისთვის.