
სპეცდანიშნულების ძალების კატარღები, რომლებიც სპარსეთის ყურეში დაგეგმილ მისიებში უნდა გამოეყენებინათ, ჩინური წარმოების ნაწილებით იყო აღჭურვილი. დიდი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ გამოყენებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზვერავი დრონები მონაცემებს ფარულად ჩინეთში აგზავნიდნენ, ინფორმაციას გამოცემა The Telegraph იუწყება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულმა ფაქტმა გააღრმავა შიში, რომ პეკინი ბრიტანეთის სამხედრო ძალებზე თვალთვალს ცდილობს.
გამოცემის მიხედვით, დრონების შემოწმებისას დადგინდა, რომ კამერები აგზავნიდნენ ე.წ heartbeat communications- სტატუსის შემოწმების პერიოდული სიგნალების მონაცემებს, რომლებიც ადასტურებდა, რომ მოწყობილობები ჩართული იყო, გამართულად ფუნქციონირებდა და გადაიცემოდა ჩინურ IP მისამართზე. ასევე არსებობს ეჭვი, რომ სათვალთვალო დრონები იმყოფებოდნენ სპეციალური დანიშნულების ძალების მაღალჩინოსნების მაღალი დონის შეხვედრების სიახლოვეს და კამერები აქტიური რჩებოდა მაშინაც კი, როდესაც დრონები გამორთული იყო.
თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყება „უაღრესად სერიოზულად ეკიდება აღჭურვილობის, ქსელებისა და მონაცემების უსაფრთხოებას“ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სენსიტიური მონაცემების ან სისტემების საზღვარგარეთ გაჟონვის მტკიცებულება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მთავრობას მოუწოდებენ „სასწრაფოდ ჩაატაროს აღჭურვილობის აუდიტი“ მასში ჩინური კვალის აღმოსაჩენად.