
6 აგვისტოს 26 წლის მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობში ედება.
როგორც გაცხადდა, გიგა ავალიანის საქმეზე საგამოძიებო ორგანო დაკავებულ არასრულწლოვან გოგონებს 30 დღის განმავლობაში ფარულად უსმენდა. გიგა ავალიანის საქმის პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორედ ნია იმნაძის სახლში ფარული მიყურადებით იქნა მოპოვებული.
"მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ჩემი შვილი იმნაძეს ავიწროებდა, მე კი დავამტკიცებ, რომ ჩემს შვილს ცილს სწამებენ. მეცადინეობის დროს გიგა სკამზე არც ერთხელ არ დამჯდარა, მოშორებით, სპეციალურ სავარძელში იჯდა და რომც ნდომოდა, სახეს სახესთან ვერ მიუტანდა გოგონას… ექსპერიმენტი უნდა ჩავატარებინო – დასხდნენ ისე, როგორ დისტანციაზეც ისხდნენ მასწავლებელი და მოსწავლე, გიგას ადგილას დავსვამ
და მიუტანოს თავი თავთან, რასაც გიგას აბრალებენ. ჩვენ გვქონდა ინდივიდუალური მერხები და სკამები, რათა მოსწავლეებსაც კი ერთმანეთი არ შეეწუხებინათ. მე დავამტკიცებ, რომ ეს არის ტყუილი, ადვოკატის გამოგონილი და მან დააწერინა იმნაძეს. ორივე მოსამართლემ უთხრა, თუ რაიმე მტკიცებულება გაქვთ, მოიტანეთ, გვიჩვენეთო. გარდაცვლილს რასაც უნდა, იმას დააბრალებენ. ეგრე არ არის, უნდა დაამტკიცონ. თუ გიგა პედოფილი იყო, 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს და ამასობაში, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო ფაქტი. იცით, ამით რა დაამტკიცეს? იმნაძემ მართლა წააქეზა გაბაშვილი, თურმე ვერ მოაშორა დედ-მამამ, დამრიგებელმა და მოაშორა გაბაშვილმა. მას წაქეზებას ედავებიან და ამ არგუმენტით ადვოკატი იმეორებს რა მის ნათქვამს, აძლიერებს ეჭვს, რომ მართალია პროკურატურა და მართლა წააქეზა კრიმინალი. ჩვენ მაგას ვედავებით იმნაძეს, თორემ იმას კი არა, შეკვეთა მისცა, წადი და მოკალიო”, – ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.