
2026 წლის 30 მარტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) თავის ღია საჯარო სხდომაზე „თელასსა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის ახალი, გაზრდილი ტარიფები დაუდგინა. მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან მოსახლეობა, ელექტროენერგიის მოხმარებისთვის განსაზღვრული სამი საფეხურის შესაბამისად, ნაცვლად ხუთი წლის წინანდელი 18,04; 22,05 და 26,54 თეთრისა ერთ კილოვატსაათზე, გადაიხდის: თბილისში - 20,041; 22,053 და 28,537 თეთრს.
აქვე უნდა ითქვას, რომ „თელასის“ 702 200 საყოფაცხოვრებო მომხმარებლიდან მხოლოდ მესამე საფეხურის (301 კვტ.სთ-ზე ზევით) შედარებით მაღალშემოსავლიანი და შეძლებული 102769 ოჯახი, მთელი აბონენტების 14,6% გადაიხდის ერთი შეხედვით „ძვირ“ - 28,5 თეთრიან ტარიფს. თბილისელების 48,5%-თვის (339 788 ოჯახი), მეორე საფეხურის მომხმარებლებისთვის, ტარიფი 24,05 თეთრია, ხოლო პირველი საფეხურის 36,9%-თვის, ნაკლებშემოსავლიანი და ნაკლებმომხმარებელი 259 643 ოჯახისთვის მხოლოდ 20,04 თეთრი.
რეგიონებში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა: პირველი საფეხურისთვის 19,731 თეთრი, მეორისთვის- 23,707 თეთრი, ხოლო მესამისთვის 28, 227 თეთრი.
უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის მოსახლეობის მესამედისთვის, 36,9%-თვის შედარებით დაბალი, 20 თეთრიანი ტარიფია დაწესებული. რეგიონებში ასეთი ტარიფით მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 56.6% ისარგებლებს. 34%-თვის ტარიფი 23,7 თეთრია, ხოლო შედარებით „ძვირ“, (შედარებით მაღალ!), 28 თეთრიან ტარიფს რეგიონების მოსახლეობის მხოლოდ 9,4% გადაიხდის.
მიუხედავად სემეკის მხრიდან ტარიფის ზრდის მიზეზების მკაფიო განმარტებისა (ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება და მოხმარებაზე მოთხოვნის ზრდა, საბალანსო ელენერგიის მაღალი ფასი, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელენერგიაზე, გადაცემა-განაწილების ქსელების, ახალი ქვესადგურებისა და სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის ასეულ მილიონობით ლარის ინვესტიციების აუცილებლობა) ახალი ტარიფების შემოღებას კომისიისა და მთავრობის მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ამ ორ სტრუქტურას ტარიფთან მიმართებაში მოკავშირეებად ვერ განვიხილავთ. თუ სემეკი ნეიტრალურია ტარიფის ზრდის თუ კლების მიმართ (მისთვის მთავარია ტარიფი ობიექტურად, კანონის სრული დაცვით იქნას დადგენილი), არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს ტარიფის მატება, რადგან მისი ზრდა იწვევს მოსახლეობის საყოველთაო უკმაყოფილებას, რაც უარყოფითად აისახება ხელისუფლების რეიტინგზე. დაუჯერებელია, რომ ხელისუფლება შეგნებულად ანაწყენებდეს პოტენციურ ამომრჩევლებს, ვისზეც დამოკიდებულია ხელისუფლებაში მათი ყოფნა-არყოფნა.
ტარიფებისა და გადასახდელების ზრდა არსად, არც ერთ ქვეყანაში არ აღძრავს სასიამოვნო ემოციებს, თუმცა, თუნდაც 5 თეთრიანი მატების შემდეგაც საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, რასაც 2025 წელს ამ კონტინენტის ქვეყნებში არსებული ტარიფები (ქართულ ვალუტაში გადმოყვანილი) ადასტურებს: 1, გერმანია - 124 თეთრი; 2.იტალია - 115,7 თ. 3.ინგლისი - 114 თ. 4.ბელგია - 110,7თ. 5.დანია - 110 თ. 6.შვეიცარია - 106,5 თ. 7.ირლანდია - 103 თ. 8.ჩეხეთი - 100 თ. 9.კვიპროსი - 93 თ. 10. ავსტრია -91,7 თ. 11.საფრანგეთი - 85,0 თ. 12.შვედეთი - 85 თ. 13.ესპანეთი - 88 თ. 14.პოლონეთი - 82,3 თ. 15. პორტუგალია - 80 თ. 16.ლატვია -78,5 თ. 17. ნიდერლანდები - 72,0 თ. 18.საბერძნეთი - 74,0 თ. 19. ესტონეთი - 72 თ. 20. ფინეთი - 69თ. ... 27. რუმინეთი - 59,5 თ. ... 35.სერბეთი - 34 თ. 36. სომხეთი - 33,3 თ. 37.უნგრეთი - 31 თ. 38.კოსოვო - 25 თ. ... 41.რუსეთი- დაახლოებით 22 თეთრი. 42.თურქეთი - 20,4 თ. საქართველო - 22,5 თეთრი (საშუალოშეწონილი). რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, „გლობალ ენერჯი პრაისის“ მონაცემებით, გაეროს მიერ ოფიციალურად აღიარებული 194 სახელმწიფოდან 167-ში (ქვეყნების 86%-ში) ელექტროენერგიის ტარიფი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.
საქართველოზე იაფი ტარიფი აქვთ ლიბიას, ირანს, ეთიოპიას, ქუვეითს, აზერბაიჯანს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ყაზახეთს, ანგოლას, სურინამს, ერაყს, ყატარს, საუდის არაბეთს, ალჟირს, ეგვიპტეს და ნავთობითა და გაზით მდიდარ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, სადაც უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსებიდან ასევე უზარმაზარი შემოსავლების ხარჯზე ტარიფები სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულია. რაც შეეხება საქართველოში მოქმედ ერთი შეხედვით მაღალ - 28,5 თეთრიან ტარიფს, რომელსაც აბონენტების მხოლოდ 11,3% (შედარებით შეძლებული და მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა) იხდის, თუ მას ევროპის ქვეყნების ტარიფებს შევადარებთ, 28,5 თეთრი, შესაძლოა, „ძვირად“ აღარ მოგვეჩვენოს.
ის, რომ „იქ“ ხელფასები აქვთ მაღალი, არაფერს არ ცვლის. ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ხელფასები საქართველოზე გაცილებით დაბალი აქვთ, ხოლო ტარიფები სამ-ოთხჯერ მაღალი. ელექტროენერგიის ტარიფები ხელფასების, პენსიების, შემწეობებისა და მსგავსი სოციალური კომპონენტების მიხედვით არ დგინდება. თუმცა, ღარიბი და ნაკლებშემოსავლიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით სემეკის მიერ საქართველოში შემოღებული საფეხურებრივი ტარიფები თავისი შინაარსით სოციალური ტარიფებია.
ტარიფების გაანგარიშებას მთელ მსოფლიოში საფუძვლად სრული ღირებულების პრინციპი უდევს. ტარიფი არის ისეთი, როგორიც არის ელენერგიის წარმოებისა და მომხმარებელთან მისი მიტანის სრული დანახარჯები, გადასახადების ჩათვლით. ჰიდრო, თბო, მზის თუ ქარის სადგურებში ნაწარმოები ელექტროენერგია მომხმარებლებამდე რომ მივიდეს, მან უნდა „გაიაროს“ ათასობით კილომეტრი მაღალი და დაბალი ძაბვის სადენი და კაბელი, ასეულობით ქვესადგური, სატრანსფორმატორო პუნქტი, გარდაიქმნას მომხმარებლისთვის გამოსაყენებელ ძაბვად („დენად“) და უსაფრთხოდ მიეწოდოს მას, რასაც საქართველოში ათი ათასამდე ადამიანი ემსახურება ყოველდღე ოცდაოთხი საათის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით.
როგორც ზემოთმოყვანილი ტარიფების დინამიკა გვიჩვენებს, 2021 წელთან შედარებით ტარიფი 2026 წელს მხოლოდ 2 თეთრითაა გაზრდილი 1 კილოვატსაათზე და არა ხუთით. ხუთ-ხუთი თეთრით ტარიფებმა მოიმატეს 2023 წელთან შედარებით, როცა სემეკმა ენერგეტიკისთვის ხელშემწყობი პირობებიდან ( რომელიც არც ისე ხშირად დგება ) გამომდინარე ტარიფები 3-3 თეთრით შეამცირა და სწორი პოლიტიკის შედეგად შეძლო მათი ორი წლის განმავლობაში შენარჩუნება. სამწუხაროდ, ახლანდელ ორთეთრიან მატებასთან დაკავშირებული რეაქციების შემხედვარე რაღაც არ ჩანს რომ ტარიფის ორწლიანი კლებიდან მიღებული შეღავათის გამო ვინმე მადლიერი დარჩენილიყო.
„მადლიერება მალე ბერდებაო“, - „მეტაფიზიკის“ ავტორმა.
გეოგრაფიული მდებარეობისა თუ პოლიტიკური სისტემებისგან დამოუკიდებლად, იაპონიიდან აშშ-მდე და ნორვეგიიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამდე, ტარიფები ყველგან იზრდება. აშშ-ში 2025 წლისთვის სამომხმარებლო ტარიფი 2015 წელთან შედარებით 12,6 ცენტიდან 20 ცენტამდე (59%-ით) გაიზარდა. იაპონიაში - 27,0 იენიდან 35,4 იენამდე (31%-ით). ნორვეგიაში - 14,6 ევროცენტიდან 20,3 ევროცენტამდე (39%-ით), ხოლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში - 1,5 რანდიდან 2,57 რანდამდე (71%-ით, 27,4 აშშ ცენტამდე).
ტარიფი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველგან და ყოველთვის იზრდება, ასეთია მისი ბუნება. ის თავის ხასიათს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაშიც არ შეიცვლის.
რა არის ტარიფი და როგორი ტარიფია სამართლიანი?
მიუხედავად იმისა, რომ სამი ათწლეული გავიდა რაც ტარიფის ცნება გააქტიურდა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ზეპირსიტყვიერებაში, მის რაობასა და შინაარსზე სწორი წარმოდგენა არამც თუ მოსახლეობის, სპეციალისტთა დიდ ნაწილსაც კი არ გააჩნია. რამდენადაც არსებული ფორმატი ამის საშუალებას მოგვცემს შევეცდები უფრო ნათელი წარმოდგენა შევუქმნა საზოგადოებას ტარიფის შინაარსის, მისი დანიშნულებისა და დადგენის პროცედურის შესახებ.
ტარიფი კომპანიების, დაწესებულებებისა და მოსახლეობისთვის გაწეული სხვადასხვა საწარმოო და არასაწარმოო მომსახურების საფასურის განაკვეთთა სისტემაა და არა საქონლის ღირებულება. ტარიფი მომსახურების გადასახადია, წარმოებული ელექტროენერგიის წარმოების ადგილიდან მოხმარების ადგილამდე მიტანის საფასურია და არა საქონლის (ჩვენ შემთხვევაში ელექტროენერგიის) ღირებულება.
ჩვენთან დამკვიდრებული ტერმინოლოგიისგან განსხვავებით (როცა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაიგივებულია ელექტროენერგიის ღირებულებასთან), ისინი შინაარსობრივად სხვადასხვა ცნებებია.
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი კრებსითი შინაარსის ტერმინია, რომელიც შედგება ელენერგიის ღირებულებისაგან(რომელსაც ჩვენ წარმოების ტარიფს ვუწოდებთ და რომელიც სინამდვილეში ელენერგიის წარმოების ღირებულებაა, წარმოების ფასი და არა მის წარმოებაზე მომსახურების გადასახადი), გადაცემის ტარიფისაგან (ელენერგიის მაღალი ძაბვით დიდ მანძილზე ტრანსპორტირების მომსახურების საფასური), განაწილების ტარიფისაგან (მოკლე მანძილებზე დაბალი ძაბვით ტრანსპორტირების მომსახურების საფასური ), მიწოდების ტარიფისაგან ( აღრიცხვა-დარიცხვის გადასახადი ) და გადასახადე-ბისგან.
დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც მარეგულირებლები ფუნქციონირებენ, ტარიფი მკაცრად გაწერილი რეგლამენტის, კანონისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე შემუშავებული, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ რეკომენდებული მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის მიხედვით იანგარიშება. ტარიფების დასადგენად გარკვეული პრინციპების დაცვაა საჭირო. ტარიფი უნდა იყოს დასაბუთებული, გადამოწმებადი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. მხოლოდ ასეთი პრინციპებით დადგენილი ტარიფი შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად.
ტარიფს დიდი ტვირთი აწევს. გარდა იმისა რომ ხელი შეუწყოს მოხმარებული ელექტროენერგიის თანხების გადახდას, მან შესაძლებლობა უნდა მისცეს რეგულირებად საწარმოებს დაფარონ ელენერგიის წარმოებისა და მომხმარებელთან მისი მიტანის ყველა ხარჯი, მათ შორის მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯები, შრომისანაზღაურება, ინვესტიციისთვის აღებული სესხისა და პროცენტის გადასახადი და ყველა სხვა დანახარჯი. გაითვალისწინოს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგების და ამორტიზაციის კეთილგონივრული, სამართლიანი დონე და უზრუნველყოს განხორციელებული ინვესტიციების უკუგება გონივრულ ვადებში.
როგორც წესი, ტარიფის დადგენის შესახებ პირველად განაცხადს სემეკში კომპანიები აკეთებენ. ისინი წარადგენენ ტარიფის პირველად გაანგარიშებასაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით დამტკიცებული საკალკულაციო მუხლების შესაბამისად. სემეკი თავისი კვალიფიციური დეპარტამენტების მეშვეობით ახდენს წარმოდგენილი დანახარჯების გადამოწმებას და კორექტირებას, რის შემდეგ ტარიფი განსახილველად გამოაქვთ კომისიის ღია საჯარო სხდომაზე, სადაც მხარეების მიერ ყოველმხრივი განხილვისა და შეჯერების შედეგად ხდება მისი დამტკიცება, უარყოფა ან შეცვლა.
გარკვეული სპეციფიკის გამო ბევრისთვის გასაგები ვერ იქნება ტარიფის დადგენისას გამოყენებული ისეთი მეთოდოლოგიური ცნებები და ტერმინები, როგორიცაა რეგულირებადი დანახარჯები, რეგულირებადი აქტივების ბაზა, კაპიტალური ხარჯები, კაპიტალის საშუალოშეწონილი ღირებულება, რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა, ინვესტიციების უკუგება გონივრულ ვადებში, სექტორული რისკის კოეფიციენტი და ა.შ. და ა.შ., მიუხედავად ამისა თამამად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს ტარიფის ზომისა და სამართლიანობის შესახებ. სამწუხაროდ, სემეკის ღია საჯარო სხდომას, რომელზეც ტარიფის ზრდის საკითხი განიხილებოდა, ერთადერთი მემარცხენე იდეოლოგიის პარტიის წარმომადგენლის გარდა არცერთი მათგანი არ დასწრებია. მოისმინა რა სემეკის მომხსენებლის მხრიდან ტარიფის გარდაუვალი ზრდის ორსაათიანი დასაბუთება შესაბამისი გაანგარიშებებით, მან თავდაჯერებულად განაცხადა რომ „ციფრები მისთვის არაფერს ნიშნავს“ და რომ ტარიფის ზრდა არც მეტი, არც ნაკლები, „რუსული თაღლითობაა“. აქ კომენტარი ნამდვილად ზედმეტია, მაგრამ იქნებ ვინმემ აგვიხსნას რატომ არის საქართველოში ტარიფის ზრდა მაინცდამაინც რუსული და არა, ვთქვათ, სომხური, ფრანგული ან თუნდაც ყველაზე დახვეწილი იტალიური თაღლითობა? ან იმ ფაქტს რა ვუყოთ, რომ შარშან ტარიფებს ევროპის 17 ქვეყანაში მოუმატეს ოფიციალურად? გარუსებულა და გათაღლითებულა მთელი ევროპა.
მას არც სხვები, სხდომაზე არმოსული კოლეგები ჩამორჩნენ, რომელთა ხმამაღალი განცხადებებით „5თეთრიანი ზრდა არის წარმოუდგენლად დიდი ზრდა, რომელიც მთლიანობაში გამოიწვევს ადამიანების გაღარიბებას!“ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხუთ წელიწადში ტარიფის 5 თეთრით ზრდა (საშუალოდ 1 თეთრით წელიწადში) სრულებითაც არ არის „წარმოუდგენლად დიდი ზრდა“. გარწმუნებთ, მეტიცაა შესაძლებელი. მაგალითად, შარშან რუმინეთში მხოლოდ ერთ წელიწადში ტარიფი 58,6%-ით, 35 თეთრით გაიზარდა.
არა მგონია რომ თვეში ხუთი, ათი ან თუნდაც 15 ლარით ტარიფის ტვირთის დამძიმებამ ადამიანების მასიური გაღარიბება გამოიწვიოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
უფრო ის მგონია რომ 5-10 ლარის გამო „ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის“ „სიბრალულით“ სულშეწუხებულთა არაგულწრფელი ვაი და ვიში უკმაყოფილების გამოსაწვევად და შფოთის ასატეხად გამიზნული ქმედებაა და მეტი არაფერი.
გასაგებია, რომ ზედმეტის გადახდა არავის სიამოვნებს, მაგრამ არის რაღაცეები, რის გამოც ზარი და მოთქმა, ზრდილობიანად რომ ვთქვათ, უწესო საქციელია.
რამდენად შესაძლებელია ტარიფების შემცირება ელექტროენერგიის ბირჟის ამოქმედების პირობებში?
ხელისუფლების მიმართ არაკეთილგანწყობილთა ერთი ნაწილი ტარიფების გასაზრდელად მთავრობის ბოროტ ჩანაფიქრს ელექტროენერგიის ბირჟის ამოქმედების განზრახ გაჭიანურებაში ხედავს. ვარაუდობენ, რომ ბირჟის გახსნა ტარიფებს შეამცირებს.
ნამდვილად რთულია იწინასწარმეტყველო ენერგობირჟის გახსნის შედეგად ტარიფები ელექტროენერგიაზე გაიზრდება თუ შემცირდება. ეს, ერთი მხრივ, დამოკიდებული იქნება ბირჟაზე გატანილი ელენერგიის რაოდენობაზე, სტრუქტურაზე, მათ ფასებზე და მეორე მხრივ, მოთხოვნის მოცულობაზე, რომლის წინასწარ განსაზღვრა ასევე რთულია.
დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ ბირჟას ევროპული ნორდპული წარმოადგენს. მასში მონაწილეობენ სკანდინავიის (ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი), ბალტიისპირეთის (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი), გერმანიისა და საფრანგეთის ენერგოკომპანიები. ნორდპული ერთ-ერთ სამაგალითო ენერგობირჟად ითვლება მსოფლიოში. ვნახოთ როგორი ტარიფებია მოსახლეობისთვის ბირჟაზე დაფიქსირებულ ქვეყნებში: გერმანია - 124 თეთრი; საფრანგეთი - 85; შვედეთი- 85; ლატვია - 78,5; ესტონეთი - 72; ფინეთი - 69; ლიეტუვა - 66; ნორვეგია - 63 თეთრი. ამ დროს საქართველოში საშუალოშეწონილი ტარიფი 22,5 თეთრია, მაქსიმალური კი 28,5 თეთრი, ისიც აბონენტების მხოლოდ 11,3%-თვის.
მიმდინარე წლის 26 მაისს ნორდპულის საიტმა გვამცნო, რომ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის (მხოლოდ გენერაციის და არა სამომხმარებლო ტარიფის) საშუალო ფასი ესტონეთში 12,33 ევროცენტამდე (38,96 თეთრამდე) დაეცა, ლატვიასა და ლიეტუვაში კი მეტი იქნებაო.
როგორ მოვიქცეთ, რას გვირჩევთ, დავაჩქარებინოთ მთავრობას ბირჟის გახსნა?
ზემოთმოყვანილი შედარებებით სრულებითაც არ მსურს ელენერგიის ბირჟის მნიშვნელობის დაკნინება. ის იმ ქვეყნებში, სადაც ელექტროენერგია მრავალი ალტერნატიული წყაროს საფუძველზე იწარმოება (ელენერგიის მსოფლიო წარმოების 33% მოდის ქვანახშირზე, 22%-ბუნებრივ გაზზე, 2,7% სხვა წიაღისეულ საწვავზე, 14% ჰიდრორესურსებზე, 8,9% ატომურ ენერგიაზე, 8,7% მზეზე, 8,5% ქარის ენერგიაზე, 2,5% სხვადასხვა ენერგეტიკულ წყაროებზე), შესაძლოა მშვენიერი და წარმატებული მექანიზმია თავისუფალი კონკურენციისა და ეფექტიანობის მისაღწევად. საქართველოს ელექტრონერგიის წარმოების სტრუქტურა კი აბსოლუტურად განსხვავებულია მსოფლიოს ენერგეტიკული, მათ შორის ევროპული წარმოების სტრუქტურისგან. ჩვენთან ელენერგიის წარმოების 80% შედარებით იაფ და განახლებად ჰიდრორესურსებზე მოდის, 18-19 პროცენტი თბო და მხოლოდ 1-2 პროცენტი ქარის სადგურებზე. საეჭვოა, რომ ეს თანაფარდობა თვალსაწიერ მომავალში საგრძნობლად შეიცვალოს. ასე, რომ, დასაფიქრებელია, როცა ქართული ენერგეტიკული ბირჟა საერთაშორისო სტატუსს შეიძენს, ისე არ მოხდეს აქედან ევროპისკენ გადადინდეს შედარებით იაფი ჰიდროენერგია, ხოლო იქედან, პირიქით, შემოვიდეს ძვირი.
სხვა ქვეყნებში არსებული ენერგობირჟების გამოცდილება მოწმობს, რომ მათი საქმიანობა მაშინ ახდენს კეთილისმყოფელ გავლენას ტარიფის კლებაზე, როცა ქვეყანაში ელენერგიის სიჭარბეა და არა ნაკლებობა. სამწუხაროდ, ელენერგიის დეფიციტი საქართველოში დღითიდღე შესამჩნევი ხდება. 2025 წელს ქვეყანაში 1,6 მილიარდი კილოვატსაათის იმპორტი განხორციელდა, რაც უარყოფითად აისახა ტარიფზე. თუ ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეები არ აშენდა და ელენერგიის წარმოება არ გაიზარდა, საბაზრო ეკონომიკის ლოგიკა მარტივია -- წარმოებისა და მიწოდების უცვლელობისა და მოთხოვნის ზრდის პირობებში ფასი ელექტროენერგიაზე გაიზრდება და შესაბამისად გაიზრდება ყველანაირი ტარიფი - გენერაციის, გადაცემის, განაწილებისა და სამომხმარებლოც. ბირჟაზე ელექტროენერგიის ნაკლებობისას ვერც ელენერგიის ფასისა და ვერც სამომხმარებლო ტარიფის ზრდას ვერაფერი შეაჩერებს.
გულახდილად უნდა ითქვას - რამდენი ჰიდროელექტროსადგურიც არ უნდა აშენდეს, იმის პირობას რომ მომავალში ტარიფების დღევანდელი დონე შენარჩუნდება ან შემცირდება, ვერავინ დადებს, მით უმეტეს, რომ მომავალში ასაშენებელი ჰესების მემორანდუმებით გათვალისწინებული წარმოების (გენერაციის) ტარიფები 7,5–10 აშშ ცენტის ფარგლებშია ნავარაუდევი (1კილოვატსაათზე), მაგრამ ტარიფები მნიშვნელოვნად და სწრაფი ტემპებით რომ არ გაიზარდოს, ამისთვის რაც შეიძლება ბევრი ელექტროსადგური, „დიდიც“ და „პატარაც“, უნდა აშენდეს წყალზეც, ქარზეც და მზის ენერგიაზეც. არ იქნება ურიგო მწვანე წყალბადზე და მინი ბირთვულ რეაქტორებზეც. რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მოთხოვნების მაქსიმალური დაცვით და რაც შეიძლება მალე. ბუნებისდამცველები ძალიანაც ნუ გამოიდებენ თავს - ჩვენისთანა მცირემიწიან და ლამაზბუნებიან შვეიცარიაში, სადაც ეკოსისტემას ფანატიკურად უფრთხილდებიან, 638 ჰიდროელექტროსადგურია აშენებული, მათ შორის რამდენიმე გაცილებით მაღალკაშხლიანი, ვიდრე ნამახვანშია (იყო) გათვალისწინებული.
ისევ ენერგეტიკის ბირჟის პრობლემას რომ დავუბრუნდეთ.
ზოგადად, არის შემთხვევები, როცა მექანიზმების, ტექნოლოგიების თუ მართვის სტრუქტურების გართულების, თუნდაც გაუმჯობესების, გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. ახალი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს. სიახლისგან ზოგჯერ თავის შეკავება ჯობს.
ანალოგიურად, ვფიქრობ, რომ საქართველოს პირობებისთვის (ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ საქართველოს ენერგეტიკაში ელენერგიის სიჭარბე არ შეიქმნება) 2000-იან წლებში მოქმედი „ძველი“, ერთი შემსყიდველის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მსგავსი სტრუქტურა უფრო მორგებული და მოსახერხებელი იქნება, ვიდრე ენერგეტიკის ბირჟის შემოთავაზებული ვარიანტი.
ისეთი განსაკუთრებული და მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საქონლის, როგორიც ელექტროენერგიაა, წარმოების, ფასწარმოქნისა და რეალიზაციის რეგულირება უფრო გონივრული მგონია, ვიდრე მისი თავისუფალი, სტიქიური და კონკურენტული ბაზრისთვის მინდობა. რა თქმა უნდა, თავისუფალი ბაზარი, ზოგადად, რეგულირებადზე ეფექტიანია, მაგრამ რეგულირებადი უფრო განჭვრეტადი და სტაბილურია. როცა საქმე მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობასა და გუნება-განწყობილებას ეხება დარგის ზოგად ეფექტიანობას სტაბილურობასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს. საღი აზრი მკარნახობს, რომ უკეთესი იქნება ჯერ ელენერგიის სიჭარბე შეიქმნას ქვეყანაში და შემდეგ ვიფიქროთ ბირჟის გახსნა-არგახსნის შესახებ. თუმცა, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებისგან განსხვავებით ეს ჩემი, არასავალდებულოდ გასაზიარებელი პირადი აზრია.
სამახსოვრო
ენერგეტიკა რთული, კომპლექსური დარგია. ის მრავალმხრივ, ღრმა ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, რაც რიგით, არასპეციალისტ მოქალაქეებს, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ექნებათ. ამიტომ, მასების გადასაწყვეტი არაა სად რა ენერგეტიკული ობიექტი აშენდება. ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს პრეროგატივაა.
ენერგეტიკის მსგავსად ტარიფიც რთული ფენომენია. მისი დადგენა განსხვავებული პროფესიების (ენერგეტიკოსების, ეკონომისტების, ფინანსისტების, ბუღალტრების, პროგრამისტების...) მაღალ კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმსა და ერთობლივ მუშაობას მოითხოვს, რასაც ასევე ვერ მოახერხებენ რიგითი ადამიანები.
რა სახის და სიდიდის ტარიფებია აუცილებელი დამოკიდებულია ქვეყნისა და დარგის ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლებზე, რომელთა განსაზღვრა ასევე მთავრობის და სემეკის კომპეტენციაა, ამიტომ რაც ნაკლები არაპროფესიონალი ჩაერევა მათ საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ტარიფის, ენერგეტიკისა და ქვეყნისთვის მთლიანად. კანონმდებლობაც არ უშვებს სემეკის სატარიფო უფლებამოსილებაში ჩარევას და ამ უფლებამოსილებაზე კონტროლის განხორციელებას.
ხალხისთვის მისაღები ისეთი ტარიფი, ენერგეტიკას რომ არ დააზარალებს, არ არსებობს. ხალხს რაც შეიძლება დაბალი ტარიფი სურს, დაბალი ტარიფი კი ენერგეტიკის მაღალ დონეს ვერ უზრუნველყოფს. ენერგეტიკულად (სხვა მხრივაც) ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის - გერმანიის მაგალითი რომ მოვიშველიოთ, იქ სამომხმარებლო ტარიფი 124 თეთრია 1 კილოვატსაათისთვის, საქართველოში - 24 თეთრი (საშუალო). ალეგორიულად რომ ვთქვათ, 124 ათასიანი „მერსედესით“ და 24 ათასიანი საბჭოთა „ჟიგულით“(ენერგეტიკული ობიექტების უმრავლესობა საქართველოში საბჭოთა პერიოდშია აშენებული) ერთნაირი კომფორტით ვერ იმგზავრებ. ევროპულ ხარისხს და კომფორტს ევროპული ტარიფები განაპირობებენ.
მორალი: ობიექტური ტარიფების გარეშე მაღალი ხარისხის ენერგეტიკა არ და ვერ შეიქმნება. არაპოპულარული აზრია, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
გიორგი თავაძე