
თურქეთმა, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა ერთობლივი თავდაცვის პაქტი გააფორმეს. შეთანხმება, რომელიც იარაღის ერთობლივ წარმოებასა და კოლექტიურ უსაფრთხოებას ითვალისწინებს, ირანისა და რეგიონული საფრთხეების საპირწონედ, ასევე აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად შეიქმნა. ანალიტიკოსები მას „ახლოაღმოსავლურ ნატოდ" აფასებენ ამ ალიანსის შექმნას საერთაშორისო ასპარეზზე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
დასავლური მედია ამ გაერთიანების წვერთა პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას: პაკისტანი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა, თურქეთი ნატო-ს ერთ-ერთი გავლენიანი წევრია, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია და მძლავრი სამხედრო წარმოება აქვს, საუდის არაბეთი კი თავისი ნავთობის შემოსავლებით რეგიონის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა.
ხელმოწერის ცერემონია 7 აგვისტოს გაიმართა საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის მონაწილეობით.
- „გაერთიანდება საუდის არაბეთის ფინანსური რესურსები, თურქეთის ტექნოლოგიები და პაკისტანის საბრძოლო გამოცდილება".
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ „ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა სამიდან ერთ-ერთ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა სამივეზე". გარდა ამისა, თავდაცვის შეთანხმება მიზნად ისახავს „ნებისმიერი აგრესიის საერთო შეკავების გაძლიერებას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეთანხმება ასევე მიმართულია იარაღის წარმოებაზე. პაკისტანი და საუდის არაბეთი ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებით 2025 წლის სექტემბრიდან არიან დაკავშირებული. თუმცა, ახალი დოკუმენტი მისგან გარკვეულწილად განსხვავდება. როგორც გერმანული მედია თავის პაკისტანურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, თუ წინა შეთანხმება ეხებოდა საუდის არაბეთში პაკისტანური ჯარების განთავსებას, ახალი პაქტი მიმართულია იარაღის წარმოებაზე - „გაერთიანდება საუდის არაბეთის ფინანსური რესურსები, თურქეთის ტექნოლოგიები და პაკისტანის საბრძოლო გამოცდილება".
საუდის არაბეთის სამხედრო და სამთავრობო წრეების ცნობით, თავდაცვის შეთანხმების სწორედ ახლა დადების ერთ-ერთი მიზეზია აშშ-ის ომი ირანთან და მისი გავლენა რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოზე. 6 აგვისტოს საღამოს საუდის არაბეთმა განაცხადა სამეფოზე იემენელი ჰუსიტების თავდასხმის შედეგად დაზარალებულების შესახებ. მედიის ცნობით, მიმდინარეობს მზადება ერაყში მოქმედი პროირანული დაჯგუფებებისა და ჰუსიტების მხრიდან შემდგომი კოორდინირებული შეტევებისთვის.
საერთაშორისო უსაფრთხოების, გეოპოლიტიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე წამყვან ანალიტიკური ცენტრებისა და მედიაორგანიზაციების მიერ აღნიშნული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ფუნდამენტურ გადანაწილებად და „ახლოაღმოსავლური ნატო-ს" შექმნის მცდელობად ფასდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანთან აშშ-ისრაელის გაჭიანურებული კონფლიქტისა და ვაშინგტონის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მერყეობის ფონზე, ეს ნაბიჯი რეგიონული აქტორების მიერ საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის დივერსიფიკაციის სტრატეგიული მცდელობაა. ალიანსი პირდაპირ პასუხობს ირანისა და მისი მარიონეტული ჯგუფების (განსაკუთრებით ჰუსიტების) მხრიდან მომდინარე საფრთხეებს, რადგან ის აერთიანებს საუდის არაბეთის ფინანსებს, თურქეთის სამხედრო-ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და პაკისტანის ბირთვულ და საბრძოლო პოტენციალს, რაც ირანის რეგიონული ამბიციების სერიოზულ საპირწონეს ქმნის.
გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ალიანსი ასევე არის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების მერყეობის საპირწონე, რადგან რეგიონის ქვეყნებს სურდათ, ნაკლებად ყოფილიყვნენ დამოკიდებული დასავლეთზე და თავად ეზრუნათ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
საერთაშორისო საზოგადოებაში ამ გაერთიანებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ვაშინგტონი ამას უყურებს, როგორც მოკავშირეების მიერ უსაფრთხოების ტვირთის საკუთარ თავზე აღებას, თუმცა ნატო-ს წევრი თურქეთისა და ბირთვული პაკისტანის ასეთი მასშტაბური სამხედრო ინტეგრაცია დასავლეთში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ინდოეთის საგარეო უწყება ყურადღებით აკვირდება მოვლენებს პაკისტანის სამხედრო გავლენის ზრდის გამო, ხოლო ისრაელი ამაში ხედავს როგორც ირანის შეკავების ხელსაყრელ მექანიზმს, ისე ახალი, მძლავრი რეგიონული ბლოკის ჩამოყალიბების გამოწვევას.
მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი ხაზს უსვამს, რომ ალიანსის რეალური ეფექტიანობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მზად იქნებიან მხარეები, პრაქტიკაში შეასრულონ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებები კრიზისის დროს.