მწერალი, პროფესორი სოლომონ ნერგაძე: “გეხვეწებით, ნუ ანაგვიანებთ ენას!”
რეზონანსი
02.08.2026

არის ბარბარიზმები, რომელთა ენაში შემოჭრის, გაქართულების აღკვეთა შეუძლებელი თუ არა, ძალიან ძნელია: ტრაქტორი, სპორტი, ტელევიზორი და მრავალი სხვა. შეიძლებოდა, უფრო ძველი მაგალითების მოტანაც (ხურდა, ფანჯარა), რომლებიც დღეს არასპეციალისტებისთვის იმდენად ქართულია, რომ ვერც დააჯერებთ, უცხო ენიდან შემოსული რომაა.

ერთ საინტერესო მაგალითს მოვიტან, - არ ვიცი, რა დავარქვა (უცხოეთში გასული, ხელიდან წასული შვილივითაა, - უკან რომ აღარ იღებს მამა): სიტყვა „კომპიუტერის" წარმოშობა ფრანგულია. ეს ტერმინი მსოფლიომ აიტაცა და გაითავისა, - მათ შორის, ჩვენც.

უკან, ფრანგულ ენაში აღარ შეუშვეს ფრანგებმა. ფრანგულად მას ახლა „ორდინატერ" ჰქვია (რბილი რაე-თი, ღარ-ს რომ ჰგავს, - „ოღდინატეეღ" ისმის).

ჩვენ როგორ ვექცევით ენას?!

სუფრასთან ამაღლებულ სადღეგრძელოებს ვამბობთ ფრიად გაჭიმულები, - ჩვენი ენაო... ენა ქართულიო... წინაპრებმა შემოგვინახესო... ღმერთების ენაო...

ყოველდღიურად კი:

- ატვიორკა მომეცი შვილო, - ეუბნება მანქანასთან დახრილი, ღიპიანი, მოკლე შარვლიანი, უკანალის დეკოლტიანი, ორმოციოდე წლის საშუალო ქართველი „ვაშკაცი" შვილს.

- პივა მოგვიტანე, შვილო, - სამოც წლამდე ბაბუა (ისიც, ხშირად ღიპიანი, მოკლე შარვლით და უკან დეკოლტით) შვილიშვილს აგზავნის მაღაზიაში, რომელსაც „სუპერმარკეტი" აწერია ქართულად და ინგლისურად...

მახსოვს, ჩვენი უმაგრესი პოეტი, - „სპიცები" რომ გაურითმა „ბიჭებს", - ვიღაცებმა გააკრიტიკეს. მაშინ პოეტმა, გარკვევით, ჭანტურიასებულად აუხსნა დამმუნათებლებს.

ახალგაზრდა თაობის (რომელიც ისე სხლავს ინგლისურს, რომ, - ვერ დაგიმალავთ, - მშურს) ნაწილი სწორედ იმ გრამატიკის შეცვლას ცდილობს, რომელიც - ისევ ტარიელ ჭანტურიას დავიხმარ, - ენის ფუძე და მისი ქვაკუთხედია. ცდილობენ, ენაში შემოიტანონ დამხმარე ზმნის ფენომენი.

დიახ, დამხმარე ზმნებით საუბრობენ.

მაგალითები გნებავთ?!

ინებეთ:

„თბილისის ქუჩები არიან გადატვირთულები"... (ქართული ენა რომ იცოდეს, იტყოდა, „თბილისის ქუჩები გადატვირთულიაო").

„ამ ბავშვებს ოთხმოცდაათიანი წლები აქვთ დავიწყებული" (სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში ქართული ენა რომ ესწავლა, ხომ უფრო მარტივად, გასაგებად და, რაც მთავარია, ლამაზად იტყოდა?! - „ამ ბავშვებს დავიწყებიათ ოთხმოცდაათიანი წლები", „ამ ბავშვებს აღარ ახსოვთ ოთხმოცდაათიანი წლები"; ბოლო-ბოლო, „დაავიწყდათ ოთხმოცდაათიანი წლები").

ცალკე კატეგორიად უნდა გამოვყო როყიოდ ნასროლი „ახალი ქართული" სიტყვები, - ისინი, გულისრევას რომ იწვევენ:

- „მოკვდინება": „ჩვენ დავკრძალეთ უამრავი პატრიოტი, თავისუფლებისმოყვარე, მამაცი ადამიანი, რომლებიც ცოცხალი იქნებოდნენ მოკვდინებიდან კიდევ მრავალი წლის განმავლობაში, რომ არა რუსეთი!"

მე არა „მოვკვდინდები", - მე, უბრალოდ, მოვკვდები, გნებავთ, გარდავიცვლები, გზამართალს შევუდგები, იმიერში გადავინაცვლებ და, რა ვიცი, კიდევ რამდენნაირად ითქმის ჩვენს დალოცვილ ენაზე...

- „უამრავი": ამ მშვენიერ სიტყვას ისე წამდაუწუმ და ისეთ კონტექსტში ხმარობენ, ყოველგვარ ინტერესს ჰკარგავ, მოუსმინო ან კითხვა გააგრძელო.

- „დაგემოვნება": „დავაგემოვნეთ ხაშლამა..." (ვალიკო ევზათაძემ მითხრა: მაგის მთქმელმა ხაშლამა კი არა, კამოს საუზმე დააგემოვნაო). „დეგუსტაცია" შემოგვტენეს, თავის დროზე, ამნაირმა ცხვირაწეულებმა. მივეჩვიეთ და ყურს აღარ გვჭრის. ვინ იცის, ამასაც მიგვაჩვევენ, ალბათ (კამოს საუზმეს კი არა,"დაგემოვნებას". თუმცა, მე „ძრიელ" მეეჭვება).

- „გადაადგილდებოდა": ამ კატეგორიამ არ იცის (არ ასწავლეს, ან ვერ ისწავლა), რას გამოხატავს ზმნა „გადაადგილდა", „გადააადგილეს". იყო ერთ ადგილზე, ახლა არის სხვა ადგილას, ადგილი უცვალეს, - გადააადგილეს. მანქანა კი, მოძრაობს, - მოქმედება განგრძობითია.

ბავშვი ტროტუარზე გადაადგილდება?!...

არა, ბავშვი ტროტუარზე მოძრაობს, მისეირნობს, მიდის, მიხოხავს, მიხტუნავს და კიდევ, რამდენნაირად შეიძლება, ითქვას!...

- "ვიხრით თავს გმირი მფრინავის"...

- "ჩავთვალე საჭიროდ, რომ მომეხდინა საზოგადოების ინფორმირება".

- "ის ადამიანები, ვინც დააორგანიზეს სხდომა".

ამის მთქმელს, და მის გამომქვეყნებელს, სკოლაში უვლიათო, ვინმე გაბედავს და მეტყვის?!

არ ვიცი, რა ვიფიქრო...

გამართული ქართულით წერო, მეგობარმა მომწერა (პირწიგნაკზე ნოველა გამოვაქვეყნე), - მეგობარია და წამახალისა, შემაქო. ძალიან გადაამეტა კია...

მოკლედ ავუხსენი: ჩემი პირველი რედაქტორი, მშვენიერი მოქართულე, მწერალი, პოეტი და დრამატურგი ნინო ნინია სადღობელაშვილია. შემდეგი წიგნები კი, არა მარტო გადასარევი მოქართულის, არამედ შეუბრალებელი რედაქტორის, ბატონი გოგი სალიაშვილის მეთვალყურეობით გამოვიდა.

დამიჯერეთ, - დარჩენილ წლებს გეფიცებით! - თავის ქებად არ ვამბობ, მეამაყება და მიხარია. ვერ გეტყვით, ბატონი გოგი იტანს თუ არა შეგინებას, - ჩიქორთულ ქართულს რომ ვერ ითმენს, ეს ნამდვილად ვიცი. ეჭვი მაქვს შეგინებას უფრო მოითმენს, ვიდრე "ლოკაციას" (თუმცა, არ გირჩევთ, შეამოწმოთ). არ ჩაუვარდეთ ხელშიო, არ გეტყვით, - ჩაუვარდით, ბევრს ისწავლით!

რედაქტორების ნამუშევარი შეუმჩნეველია და ავტორს უფრო მიეწერება. სინდისიერი ავტორი, ცხადია, ვალდებულია, მადლიერებით აღნიშნოს წიგნის რედაქტორის წვლილი.

რატომ ვამბობ ამას?!...

ილიას მოვუხმობ, ადვილად რომ გავაგებინო მკითხველს.

„... უენო ენად ვნახეთ ჩვენი საყვარელი ენა, ის ენა, რომელზედაც დაიღიღინა ჩვენმა უკვდავმა რუსთაველმა „ვეფხისტყაოსანი", ის ენა რომელზედაც დაიგალობა თავისი ღვთიური სიმღერები თავად ალექსანდრე ჭავჭავაძემ, ის ენა, რომელზედაც თავად ნ. ბარათაშვილმა, მაგ უდროოდ დამარხულმა ჩვენმა იმედმა ღარმონიულად და ნაღვლიანად დაიმღერა „ქართლის ბედი" და თავის მართლა-და ზეგარდმო შთაგონებული წვრილი ლექსები!..." (ილია ჭავჭავაძე, „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის" თარგმანზედა", ცისკარი, 1861).

ილია მწერალ ბერიევის შესახებ არც ქებას იშურებს (საცა საქებარია) და არც ირონიას: „აი, უფ. ბერიევი, თუმც პოეზიაზედ უკაცრაოდ ბძანდება, მაგრამ ენა მაინც უვარგა, თუმც კი ესეც გამოაპარებს ამგვარ კონსტრუქციას, რითმის ტრფიალებისა გამო: „ფეხი გავიქნიე ხელი" (იქვე).

ქართულად წიგნების თარგმნა და გამოცემა გაადვილდა. რედაქტორად ისეთ პიროვნებებს უთითებენ, პატივისცემას რომ იწვევს. წიგნს წაიკითხავ და, ისეთი ჩიქორთული ქართულია, რომ "ფეხი გავიქნიე ხელი" და "რას ფიქრობს ჩემზე ჩემი სატრფოს თავი" მონაგონია...

და, გინდა ილიასავით იყვირო...

კრიტიკოსები კი, დუმან.

სულო ცოდვილო და, ილიას და მისი ყალიბის ძველები რომ არ ვახსენოთ, აკაკი გაწერელიას, გურამ ასათიანის, აკაკი ბაქრაძის, თამაზ წივწივაძის და სხვათა ქვეყანაში კრიტიკა რატომ დუმს? ნუთუ ამათ არავინ აღუზრდიათ?!

კრიტიკას თუ შეხვდები, მხოლოდ დადებითს, - ქებას, ან, ისეთ გადამეტებულ ქება-დიდებას, რომ ტატო შეგეცოდება (მას კრიტიკა არ მოუსმენია).

არ ვამბობ, რომ ყოველთვის უსაფუძვლოდ აქებენ, - გიორგი ლობჟანიძეს, საშა გველესიანს, ბექა ქურხულს, მარიამ წიკლაურს, ნინო ნინია სადღობელაშვილს და მათი ყალიბის მწერლების ქებაზე, გადამეტებულიაო, ენა როგორ მომიბრუნდება?! მე სხვა რამის თქმა მინდა, რისთვისაც ისევ სულგანათლებული თამაზ წივწივაძე უნდა დავიხმარო: "ფრთხილად, წინ მკითხველია!"

ყველა მთარგმნელებს არ ვამუნათებ, - ღმერთმა დამიფაროს!

საინტერესო უცხოელ ავტორს რომ გაგაცნობს, მადლობის მეტი რა გეთქმის?!...

ყველა ელგუჯა მაღრაძის დონის ვერ იქნება...

ყველა ჩემი დათო წერედიანის დონისა ვერ იქნება...

აქეთაც წამოვყვეთ, - ყველა გიორგი ლობჟანიძის დონის ვერ იქნება, ვერც ნუნუ გელაძისა (დაჩა მარაინის "მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრების" დასახელებაც კმარა). ეს ნორმალურიცაა, მაგრამ...

ისევ ეს დაწყევლილი "მაგრამ"...

მაგრამ, წიგნის გამომცემლებს რედაქტორები არა ჰყავთ?! უცხო დიდებული მწერლები ისეთი ჩიქორთული ქართულით ნათარგმნი ქვეყნდება, რომ, ვერ დავმალავ, მეცოდებიან ქართულად პატივახდილები. თქვენ განსაჯეთ, როგორი წასაკითხია თარგმანში "ლოკაცია", "გადაადგილდებოდა" (იხ. ზემოთ), "ფეიკი", "ჰეითერი","ქონთენთი","სქრინი","სთორი","ქოფი-ფეისტი","რენდომი"...

ჩემი ჯილა და ჩემი დიდი ძმა (მის სიცოცხლეში გაცნობა რომ, ჩემივე სიმორცხვის გამო, ვერ მოვახერხე) დათო წერედიანია. მისი თარგმანები ნამდვილი ზეიმია, - მშვენიერების გადმოცემის ხელოვნებაა. ადრეც ვთქვი: ფრანგული იმდენად კარგად არ ვიცი (გაქცეული ფრანგი ნამდვილად მოვაბრუნე, ერთი-ორჯერ), ფრანსუა ვიიონის დედანში წაკითხვით რომ ვისიამოვნო. სამაგიეროდ, დათო წერედიანის თარგმანით ვისიამოვნე კი არა, ვინატრე, - ნეტავ, ვინმემ, მასავით პროფესიონალურად, უკან გადათარგმნოს მისი ნათარგმნი, ფრანგებს რომ ვიიონის სიმაღლე და სილაღე აჩვენოს-მეთქი.

ყველა დათო წერედიანი ვერ იქნება, მაგრამ, დალოცვილო, "ქონთენთი" და "ლოკაცია" რომ არ იხმარო, ქართული სიტყვები დაილია?!... თუ რაც არ იცი, არ მოგვეძევება?! ბოლო-ბოლო ხი-ს მიმართე (ხელოვნურ ინტელექტს) და გასწავლის.

პირწიგნაკზე ფეხბურთის თამაშის ფრაგმენტებს მოვკარი თვალი და ყური: "ბურთი ხარიხას მოხვდაო", თქვა კომენტატორმა. მომდევნო ეპიზოდში კიდეც უფრო გამაშეშა, - "მეკარემ უძლიერესი დარტყმა მოიგერიაო"...

იმედი მაქვს, მივაგნებ, გავიგებ, ვინ იყო ის კომენტატორი და გადავეხვევი! - კოტე მახარაძის რეპორტაჟები გამახსენა, ძარღვიანი ქართულით გადმოცემული.

ამ ბედნიერი გამონაკლისის გარდა იმდენ უვიცობას, გულისამრევ სიმახინჯეებს ვისმენთ სპორტული გადაცემებისას, - "სეივი", "ვინგერი", "ფოლი", "ჰავბეკი", "გოლკიპერი", კიდევ უფრო ყოვლად ამაზრზენი "ქამბექი" და მათნაირები, - რომ, გეგონება, კომენტატორებს ქართული ენა არც ოჯახში, არც ბაღში, არც სკოლაში და არც ინსტიტუტში უსწავლიათ.

ახლა მე გკითხავთ, თუ არ გამირისხდებით, - აქ მოტანილი სიტყვების მოსმენისას, არ გაზიდებთ?!

მე გული მერევა და მინდა ვიყვირო, ვთხოვო, დავუჩოქო... - ნუ ძალადობთ, ნუ რყვნით, საკუთარ ენას!

იცით, რამდენი ენა გაქრა ბოლო ორ საუკუნეში დედამიწაზე? იცით, რამდენი ენა გაითქვიფა და გაქრა საბჭოთა კავშირის სულ რაღაც სამოცდაათწლიანი არსებობის მანძილზე?

უცხო სიტყვების ხმარებით, რას აღწევთ?! უფრო განათლებულები ჩანხართ? არა, ძვირფასებო, არ ჩანხართ, - პირიქით, გაუნათლებელის, უვიცის შთაბეჭდილებას ტოვებთ...

"Фრანცეზებსო", ილიას „დროება" წერდა მეცხრამეტე საუკუნეში.

როგორ ფიქრობთ „ფრანცეზებსო" ვერ დაწერდნენ?!...

გონებაში არ/ვერ მოგდით მშვენიერი სიტყვა „მეგობარი", ამიტომ ამბობთ ამაყად ცხვირაწეულები „ფრენდს" (და, არა „fრენდს").

მშობლებო, - ყველა, ცხადია, არ იგულისხმება, - თქვენი შვილისთვის ვერ აგიხსნიათ, რომ „ბოიფრენდი" ქართულად გაცილებით უფრო ლამაზად და მრავალნაირად ჟღერს. არ იცით და, აბა, როგორ აუხსნით?!

აღარაფერს ვამბობ, ძალადშემოტენილ „ცხვირაწეულ" სიტყვებზე - „ქრაში", „დავქრაშე" (უნდა მაპატიოთ, არ ვიცი, როგორაა ქართულად)...

„ენა, მამული, სარწმუნოება" - ყველამ იცის, ვისაც არ უნდა ჰკითხო. მანაც კი, ტროტუარზე რომ „გადაადგილდება" და „ქრაშავს", ან, „ფეის სქროლავს"...

ვიქონიოთ იმედი, რომ, ერთ დღესაც იქნება და, მათაც გული აერევათ ამის მოსმენისას?!

მე იმედს არ ვკარგავ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×