
ინტერნეტიდან თუ საინფორმაციო საშუალებებიდან ერთი მეორის მიყოლებით მოდის საშინელი ამბები, - გულს რომ გაგიჩერებს, ისეთი: აქ მოკლეს, იქ მოკლეს, დაჭრეს, თავი მოუკლავს...
თბილისის ცენტრში ერთმა ორფეხმა (შერაცხადმა, თუ შეურაცხადმა, ვერ გეტყვით) ერთი ბიჭი მოკლა, ხოლო ორი, იმ ბიჭის კბილა მეგობარი და კიდევ ერთი უცხო, ტაქსიდან გადმოსული ქალბატონი კი, დაჭრა...
საკუთარი იარაღიდან ერთი ანგელოსივით ბიჭი მოკლა და კიდევ სამს კლავდა.
რატომ, რამ უბიძგა, რისთვის გაიმეტა მოსაკლავად, ან სხვებმა ასე ადვილად რატომ და როგორ გაიმეტეს ადამიანი სასიკვდილოდ, ამის გამოკვლევა მე არ შემიძლია, - არ ვიცი და იმიტომ.
სამაგიეროდ დარწმუნებული რაშიც ვარ, გულახდილად და პირდაპირ მოგახსენებთ:
ეს ტრაგედიები ჩემი, შენი (ამას რომ კითხულობ) და მათი (ვინც არ კითხულობს) ბრალია. დიახ, ჩემი, შენი, ჩვენი ბრალია...
რატომ?!...
ჩვენ ვდუმდით, როცა ერთი "პარლამენტარი" ბღაოდა "პატლამენტში" წლების წინ: "მე ქართველი ვარ, იარაღი მიყვარს და უნდა მქონდეს, უნდა დამიკანონდესო".
ვდუმდით...
ზოგი ამართლებდა: "ვერ ატარებენ და, სახლში თუ ექნებათ ამით რა დაშავდებაო"...
უმრავლესობას, ვისაც იარაღი ჰქონდა დაკანონებული, მანქანაში უკანონო იარაღი ედო (და, უდევს), - პოლიციამ თუ უნახა, "ჩამიდესო", იყვირებს და მიდის "ჩამდებების" ლანძღვა-გინების კორიანტელი. აგერ ახლა, ერთმა ცნობილმა მკვლელმა განაცხადა, "იარაღი ჩამიდეს, რათ მინდოდა გაუფორმებელი იარაღი, მე ხომ რამდენიმე ათეული ავტომატური სასროლი მაქვსო გაფორმებული?!"...
და, ატყდა, მაგრამ რა ატყდა...
ეს არგუმენტი უცილობელ მტკიცებულებად აქციეს ბოროტების ნებით თუ უნებლიედ მსახურებმა, - ყველა ანათემას გადასცეს, ვინც "ჩადებაში" ეჭვი შეიტანა.
არადა, გონებასუსტი ვერ მიხვდება თორემ, ლოგიკის მცირედ მცოდნეც კი იფიქრებს, რომ გაფორმებული იარაღით მკვლელი კაცს არ ესვრის, - ადვილად დაადგენენ ვისი იარაღითაა მოკლული.
გაუფორმებელით თუ მოკლავს, ფიქრობს, გამოძიება ვერ დაადგენსო მკვლელს. ჰოდა, ეგდოს მანქანაში გაუფორმებელი იარაღი. მისი გადაგდება უმტკივნეულოდ შეიძლება. მკვლელობამდე თუ უნახეს, - "ჩამიდესო" იბღავლებს. ცოტა დაუჯერებს თუ?!...
არასამთავრობოები გაიხევიან ნაკერავზე, - ევროპას მიაწოდებენ ფაქტებს, თუ როგორ "ტენიან" ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლს.
დიახ, ჩვენ ვდუმდით, ან ვამართლებდით პოტენციურ მკვლელებს.
ახლაც ვდუმვართ და თვალს ვხუჭავთ ასეთ ფაქტზე, - რომ არა ეს გაუგონარი უპასუხისმგებლობა, ის ახალგაზრდა ბიჭი ცოცხალი იქნებოდა: ამბობენ, პოლიციას ჩამოურთმევია გაფორმებული იარაღი, მაგრამ დაუბრუნებია, - პირადი საკუთრებაა და ვერ წავართმევთ, "პირადი საკუთრება ხელშეუხებელიაო".
თუ ეს მართალია, მე მკვლელთან ერთად პოლიციას, საკუთარ თავს და თქვენ გდებთ ბრალს.
დიახ, მე, შენ და ისინი ერთნაირად ვართ პასუხისმგებელი და მკვლელობის თანამონაწილე... - არა, ვერ შევარბილებ, - მკვლელები ვართ (გული რამდენს გაუძლებს, არ ვიცი. ჩემს წილს, ალბათ მალე ვზღავ. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ იცხოვრებთ ამდენი ცოდვით დამძიმებულები?!)
ჩემი, არც ისე მოკლე ცხოვრების მანძილზე, საუბედუროდ, ბევრი სიკვდილი ვნახე. მინახავს მამები, შვილის საფლავის მიწას რომ ჭამდნენ. დედები მინახავს, სიკვდილს რომ ნატრობდნენ და ზეცას აჰკიოდნენ, "რატომ ჩემი შვილი და მე არაო, ღმერთო!"... მრავალი ტკივილის მნახველი ბაბუები და ბებიები მინახავს, - დაპატარავებულები... ისეთები, სულკურთხეულმა სესილია თაყაიშვილმა რომ დაგვიხატა...
დღემდე შვილმკვდარი დედებისა და მამებისათვის სამძიმარი ვერ მითქვამს...
როგორ გინდა, ამ ბიჭის დედ-მამას უთხრა, "ვიზიარებ თქვენს მწუხარებას შვილის გარდაცვალების გამოო?!"...
იმ შენი შვილის, ხვალ რომ ულამაზეს გოგონასთან, თქვენს ახალ, შეძენილ შვილთან ერთად უნდა მჯდარიყო მორთულ სუფრასთან და თქვენ, ბედნიერები და სახეგაბადრულები, ქორწილის სტუმრებს უნდა მოფერებოდით...
ენა არ მიბრუნდება, ამის სათქმელად.
სამაგიეროდ, ენა მიბრუნდება კი არა, ვალდებული ვარ, გითხრათ, - ჩემი, შენი, ჩვენი ბრალია!...
მოხდა უბედურება...
ტრაგედიაო, იტყვის ვიღაც, თავი ჭკვიანი რომ ჰგონია...
ეს იმ პატარა, სიცოცხლით სავსე ბიჭის მშობლებისთვისაა ტრაგედია და მზის დაღამება... და, კიდევ მცირე ნაწილისთვის ჩვენი საზოგადოებისა. მრავალთათვის კი, კიდევ ერთი დანაშაულია, რომელიც მისი ბრალი კი არა, სხვისი, ქვეყნის პირველი, მეორე, მესამე... მეათე პირის ბრალია. მისი და ჩვენი ბრალი კი, არაფრით არაა.
არადა, ჩემი, შენი, მათი ბრალია ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება...
ჩვენ ვერ შევძელით ბუტას, სანდროს, დათო სარალიძის, ლევან დადუნაშვილის, გიგა ავალიანის და, კიდევ რამდენის, დედებივით და მამებივით...
ჩვენ ვართ, ქვეყნის მომავალს დუმილით რომ კლავს...
სამართლებრივი და კანონის დამცველი სახელმწიფო ის კი არაა, მკვლელს რომ იჭერს, არამედ ის, რომელშიც არ კლავენ.
P.S.: ივლისის ოცდახუთს დათუნა სარალიძეს ოქროს დაბადების დღე ექნებოდა, - ოცდახუთი წლისა უნდა გამხდარიყო. იმიერში გახდა ოცდახუთის. დათუნა და ლევან დადუნაშვილი მკვლელმა თანატოლებმა, - მკვლელის გამზრდელი მშობლების მიერ "აღზრდილებმა" მოკლეს ცხრა წლის წინ.
იმიერში მივულოცე...
უფალმა ნათელში ამყოფოს დათუნა და ლევანი!
ესენი ჩემი, შენი, მათი მსხვერპლია... ჩვენ შევწირეთ ჩვენსავე ფეხებზემკიდიაობას.
დღეს ბევრს გახსოვთ ეს ბიჭები და მათი მზედაბნელებული მშობლები?!...
P.P.S.: არანაკლებ საშინელი ამბები ვრცელდება ახალგაზრდების თვითმკვლელობის შესახებ. აქ ბევრის თქმა არ შემიძლია. ვფიქრობ, ესეც ჩემი, შენი, მათი ბრალია - ყველასი, ვინც ამ ისტერიულ ატმოსფეროს ვქმნით, - ან დუმილით ვუწყობთ ხელს, - თუ ინტერნეტ-სივრცეში, თუ რადიო-ტელევიზიებში...
შვილებო, თუ რთული პერიოდი გაქვთ, თუ გამოსავალს ვერ ხედავთ, თუ გეჩვენებათ, რომ მომავალი გაგიშავდათ, ან აღარ გაქვთ, თუ სასოწარკვეთილებამ მოგიცვათ, მიდით ეკლესიის ნებისმიერ მსახურთან!... დამიჯერეთ, მიდით!...
თუ, ეკლესიაში ვერ ბედავ (მე ვერ ვბედავდი), ნებისმიერ დროს დამირეკე, შემომეხმიანე - დღე-ღამის ნებისმიერ დროს. დარწმუნებული იყავი, - შენ ყველაზე ახლო მეგობარს ურეკავ, - მეგობარს, რომელიც გაგიგებს, რომელიც გვერდში დაგიდგება და ყოველნაირად ეცდება დედაშენს და მამაშენს შავის ჩაცმა ააცილოს. დამირეკე პირწიგნაკზე და მესსენგერზე: Solomon Nergadze, დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
არ მოგერიდოს! - იცოდე, შენ ყველაზე ახლო მეგობარს ურეკავ, - მეგობარს, რომელიც კეთილმა ადამიანებმა ადრე გამოაძვრინეს შენზე უფრო მძიმე სიტუაციიდან.
მწერალი, პროფესორი სოლომონ ნერგაძე