რეზონანსი
02.11.2024

ოპოზიცია სახიფათო და ასევე, არასერიოზულები არიან - ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი არ არის, რომ პროკურატურას არ ენდობიან, რადგან ისინი საკუთარ საზოგადოებას და მის გადაწყვეტილებას არ ენდობიან. არასერიოზულია დამოკიდებულება, რომ არჩევნების გაყალბების არგუმენტებად და ფაქტებად მოაქვთ რომ ვიღაცას ბეჭედი ეკეთა, ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, გაუღიმა, აპარატებიც დაადანაშაულეს პარტიულ მიკერძოებაში, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ როცა პროკურატურაში მიდიხარ, უნდა იცოდე რომ თავად ხარ მომჩივანი და არგუმენტები უნდა წარმოადგინო. მე ვჩივი და თავად მოიძიე არგუმენტები, ეს უკვე არასერიოზულობის ნაწილია. ამიტომ, ისინი სახიფათოები და ასევე არასერიოზულებიც არიან. ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები უარს აცხადებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×