რეზონანსი
08.10.2024

ორბელიანების სასახლეში, კონსულტაციების მორიგი რაუნდი დღესაც უშედეგოდ დასრულდა. მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებთან შედგა. მოლაპარაკება ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის გაერთიანებამ ზურაბიშვილს უთხრა, რომ არჩევნებამდე დროებითი მთავრობის ფორმირებასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის. დახურულ კარს მიღმა ითქვა უფრო მეტიც. შეხვედრიდან გამოსულმა ლიდერებმა პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ ის მისივე დაწერილი ქარტიის პუნქტებს არღვევს.

ათონელის რეზიდენციის კარი დღეს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისთვისაც" გაიღო, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაში, ტექნიკური მთავრობის ფორმირების იდეა, ზურაბიშვილს არც ამ კოალიციამ მოუწონა. კონსულტაციების დასრულების შემდეგ ითქვა, რომ შეთანხმება მხოლოდ ზოგად პრინციპებზე მოხდა, სამოქმედო გეგმაზე კი მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

სახელისუფლებო გუნდი, სალომე ზურაბიშვილს პროცესების რადიკალიზაციასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესს პერსპექტივა არ აქვს, ზურაბიშვილი კი სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევის გამო პასუხს, იმპიჩმენტით აგებს.

ათონელის რეზიდენციის სტუმარი დღეს "ძლიერი საქართველო" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა იყო", ხვალ კი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, გიორგი გახარიას გუნდს უმასპინძლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×