რეზონანსი
06.02.2024

ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებითვე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ“.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. პირველ რიგში, უსაფრთხოების გამყარების შესაძლებლობას: ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა. კანდიდატობა და ხვალ მოლაპარაკებების დაწყება კი, ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ. მაშასადამე, ვხდებით იმ ევროპის უშუალო პარტნიორი, რომელმაც ბოლო პერიოდში აჩვენა ესოდენ სიმტკიცე და პრინციპულობა; აჩვენა, რომ ხვალინდელი უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონის სანდო და დასაყრდენი პარტნიორია. მისი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანია ის, რომ სულ ახლახან მოახერხა დიალოგისა და დემოკრატიის მაგალითის მიცემა, სადაც კონსენსუსის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯნენ და არც კი განიხილებოდა უმრავლესობის დიქტატი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის.

„ევროპა ასევე ნიშნავს დამოუკიდებლობის გაძლიერებას: ევროპული ოჯახი უალტერნატივო სივრცეა, სადაც ჩვენი იდენტობა, კულტურა და ღირებულებები დაცული და წარმოჩენილი იქნება. რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! - ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ჩვენში ეს მეხსიერება არ წაშლილა. ეს გზა უფრო ტრაგიკულად გაიარეს ზოგიერთმა ჩვენმა მოძმე, პატარა, კავკასიურმა ერებმა, რომლებიც დღეს უკვე გადაშენებულად მიიჩნევიან, ამ გზაზე საბედისწეროდ დგას აფხაზური ენა, კულტურა და იდენტობა! ევროპა კი, სწორედ ის სივრცეა, სადაც თავისუფალი ერები, მრავალი ენა, უმცირესობები, რეგიონები, მრავალფეროვანი კულტურა და იდენტობა თანასწორობით და კანონითაა დაცული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×