რეზონანსი
19.01.2024

ფრანგულმა ასოციაციამ, Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში კვლევა ჩაატარა. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.

მასში საუბარია არახელმისაწვდომი და უხარისხო ზოგიერთი სახის მკურნალობაზე, მაღალ ფასებზე და სადაზღვევო სისტემით გარანტირებული ფინანსური ხელშეწყობის ნაკლებობაზე, დისკრიმინაციული მიდგომაზე შშმ პირების, ლგბტ თემის წევრების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, სუსტად განვითარებულ ზოგიერთი დაავადების მკურნალობასა და გაზრდილ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც გამოიკითხა. ფრანგული ასოციაცია აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საფრანგეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ, უმრავლესობას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა ჰქონდა, რასაც საქართველოში ვერ მკურნალობდნენ ან არახელმისაწვდომი იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სადავეო სისტემა, ზოგიერთი მკურნალობა უხარისხო ან არახელმისაწვდომია. ყველასთვის არ არის საკმარისი დაზღვევით გარანტირებული ფინანსური ხელშეწყობა. 

საქართველოში სამედიცინო დაზღვევის თანაგადახდის სისტემა მოქმედებს, ხელფასები კი დაბალია, შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარჯების გადახდა, მეტ-ნაკლებად თავად უწევთ მოქალაქეებს.

დისკრიმინაცია განსაკუთრებით უზღუდავს სამედიცინო ზრუნვაზე ხელმისაწვდომობას შშმ პირებს, ლგბტქი თემის წევრებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და ქალებს (განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სქესობრივ ჯანმრთელობას ეხება).

მკურნალობის ზოგიერთი ფორმა ადეკვატური და გამართლებულია, თუმცა საქართველოში ჯანდაცვის ყველაზე ნაკლებად განვითარებული მიმართულება ონკოლოგიაა.

კვლევა გამოავლინა ისეთი სტრუქტურული პრობლემა, როგორიც არის ოლიგოპოლია ჯანდაცვის სისტემაში. 

საბოლოო ჯამში, ბევრი ფაქტორის შედეგად, რთულად ხელმისაწვდომია მკურნალობა და ეს ბარიერები საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს", - წერია კვლევაში.

ქართველი ექიმები ამბობენ, რომ ამ პრობელმების უმეტესობა წლებია ჯანდაცვის სისტემის გამოწვევაა.

"ეს დასკვნა, რაც გააკეთა ფრანგულმა მხარემ, სრულად შეესაბამება იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. რატომ გარბის ხალხი ოპერაციის გასაკეთებლად ან სამკურნალოდ უცხოეთში? იმიტომ, რომ ჩვენთან არავითარ პირობებს არ უქმნის სახელმწიფო იმისათვის, რომ ჩვენი მედიცინა, საკმაოდ ძლიერი მედიცინა, საკმაოდ კარგი სპეციალისტები გვყავს და არ აძლევს საშუალებას, რომ განვითარდეს", - ამბობს ვატო სურგულაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×