
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვის დროს განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს დელეგაცია დავოსიდან საინტერესო საინვესტიციო შემოთავაზებებით დაბრუნდება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დავოსში შეხვედრები ასევე მრავალფეროვან ბიზნესთან დაკავშირებით გაიმართა.
„ბიზნესთან შეხვედრები ვფიქრობ, საქართველოსთვის ძალიან სასარგებლოა. დავოსის ფორმატის ფარგლებში ჩვენ საშუალება გვეძლევა ამა თუ იმ სფეროში მსოფლიოს წამყვან კომპანიებს შევხვდეთ უმაღლესი წარმომადგენლობის დონეზე. ძირითადად დავოსში არიან მფლობელები, ხელმძღვანელი, გადაწყვეტილების მიმღები პირები და ამიტომ მათთან საუბარი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩვენ საუბარი გვქონდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში ეკონომიკურ პროგრესზე. ეს საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან პროდუქტიული და ნაყოფიერი იქნება მომავალი ინვესტიციების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.