რეზონანსი
29.12.2023

PSP კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ 17 მილიონი ლარის ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის საუბარი.

სააფთიაქო ქსელი განმარტავს, რომ მათ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინეს სრული დოკუმენტაცია მათი ფასწარმოქმნის შესახებ და არ იზიარებენ სააგენტოს შეფასებას იმის შესახებ, რომ კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებს ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შეთანხმებული ფასებით ყიდდა.

"კომპანია PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს დასკვნას! PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს მიერ მტკიცებულებების გარეშე მიღებულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია PSP-მ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, დასაბუთების გარეშე, რეკორდულად მცირე დროში გამოიტანა მიკერძოებული და უსაფუძვლო გადაწყვეტილება. კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და PSP მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში,"- ნათქვამია PSP-ს განცხადებაში.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. სააგენტოს უფროსის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდება, სადაც თითოეულ დაჯარიმებულ კომპანიას იდენტური ფასები ჰქონდა დაფიქსირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×