რეზონანსი
19.12.2023

ეკონომიკა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, განსაკუთრებით 2020 წლის რეცესიის ფონზე, ამაზე საქონლის და მომსახურების ექსპორტის, რაც დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა ქვეყანაში მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობაც ასახავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

გიორგი ცუცქირიძემ პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს, როდესაც ეკონომიკა ნომინალურ ფასებში შეადარა განვლილ პერიოდს, მით უმეტეს საერთაშიორისო პრაქტიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის საზომად, ძირითადად სწორედ მას იყენებენ.

„პრემიერის გუშინდელ გამოსვლას, შეფასებები უკვე მოყვა, მაგრამ რატომღაც მთავარი აქცენტები ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში იყო, თუ რამდენად ადექვატურად ასახავს მიმდინარე ფასებში ეკონომიკის სამმაგი ზრდა ეკონომიკის განვითარების რეალურ სურათს. მიმაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა ასპექტებიც იყო, თუნდაც პოსტპანდემიურ პერიოდში რეცესიული შოკიდან გამოსვლის ნაწილი.

ეკონომიკის ზრდის შეფასებას, რაც შეეხება, იგი რამდენიმე განსხვავებული პარამეტრით ხდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით მთლიანი შიდა პროდუქტი იზომება: ადგილობრივ ვალუტაში მიმდინარე ფასებში, რაც ინფლაციის ფაქტორს ითვალისწინებს, ადგილობრივ ვალუტაში მუდმივ ფასებში ანუ შესადარებელი პერიოდის ფასებში, აშშ დოლარში მიმდინარე ფასებში და აშშ დოლარში მუდმივ ფასებში.

თუ აღნიშნულ მეთოდოლოგიებს მივყვებით, ეკონომიკა ლარში მიმდინარე ფასებში 2012 -2023 წლებში გაზრდილია 3 ჯერ, ხოლო ლარში მუდმივ ფასებში 1.6 ჯერ, ანალოგიურად 1.5-1.6 ჯერ არის გაზრდილი აშშ დოლარშიც მიმდინარე და მუდმივ ფასებშიც.

ზოგადად, აღნიშნული მიდგომებიდან აშშ დოლარში ანუ უცხოურ ვალუტაში ეკონომიკის გაზომვა მაინც ნაკლებად ადექვატურად ითვლება, რადგან წმინდა ექსპორტისგან განსხვავებით, პროდუქციის და მომსახურების დიდი ნაწილი ადგილობრივ ვალუტაში იწარმოება. ამასთან, აშშ დოლარში იზომება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტიც და მისი სიდიდე ადგილობრივი ვალუტის გაცვლით კურსზეა გარკვეულწილად დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ აშშ დოლარში ეკონომიკის გაზომვა იყო ძირითადად ოპოზიციური ნარატივი, განსაკუთრებით 2020 წლიდან, მანამ სანამ ეკონომიკამ არ გადაასწრო 2012 წლის მაჩვენებელს, მათ შორის უცხოურ ვალუტაში მშპ-ს მაჩვენებლს (4421 აშშ დოლარი), რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს 8000 აშშ დოლარი იქნება და 1.8 ჯერ გადაასწრებს 2012 წლის მაჩვენებელს, ხოლო 2024 წელს თითქმის 2 ჯერ. ოპოზიცია ამ პარამეტრს სასპეკულაციოდ 2020 წლის კოვიდ პანდემიური შოკისას, ეკონომიკის 6.8 %-იანი ვარდნის შედეგად მის შემცირებულ მაჩვენებელთან (4255 აშშ დოლარი)შედარებისას იყენებდა, სანამ 2021 წლის ბოლოს არ გახდა 5023 აშშ დოლარი.

ახლა რაც შეეხება მუდმივ ფასებში მშპ-ს ზომას, მართალია, ის ერთი შეხედვით გვიჩვენებს ეკონომიკის გამოშვების პრიორიტეტს, მაგრამ გაცილებით ადექვატურია შედარებით მოკლევადიან პერიოდში, ბოლო 5 წელთან მიმართებაში შედარებისას, რადგან ფასები მუდმივად იცვლება და ინფლაციაც ეკონომიკური აქტივობის პარამეტრადაც ითვლება დეფლაციასთან შედარებით. როდესაც ჩვენ ვიხილავთ ეკონომიკის არსებულ მდგომარეობას, არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ 2020 წლის გლობალური რეცესიის შედეგად, მოთხოვნისა და მიწოდების ტრადიციული ჯაჭვების წყვეტის გამო, 2021-2022 წლებში ინფლაცია ჩვენთან ორნიშნა მაჩვენებელზე იყო, ხოლო 2022 წელს ბოლო ათწლეულის ისტორიული მაქსიმუმი 11.8 % შეადგინა, ძირითადად ინფლაციის იპორტის გამო. ინფლაცია ბოლო 40 წლის მანძილზე სარეკორდო იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული პრემიერს არ უთქვამს, როდესაც ეკონომიკა ნომინალურ ფასებში შეადარა განვლილ პერიოდს, მით უმეტეს საერთაშიორისო პრაქტიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის საზომად, ძირითადად სწორედ მას იყენებენ. ჩემი შეფასებით ეკონომიკურ ზრდას გაცილებით ობიექტურად ბიზნეს სექტორის ბრუნვის და გამოშვების მაჩვენებლები ასახავს. შედარებისათვის 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, 42 მილიარდი ლარიდან 181 მილიარდ ლარამდე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ იმავე პერიოდში მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა ბიზნესსექტორის გამოშვების მაჩვენებელიც - 23 მილიარდი ლარიდან 71 მილიარდ ლარამდე ანუ გაზრდილია 3-ჯერ.

ეკონომიკა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, განსაკუთრებით 2020 წლის რეცესიის ფონზე, ამაზე საქონლის და მომსახურების ექსპორტის, რაც დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა ქვეყანაში მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობაც ასახავს. აღნიშნული მაჩვენებელი თუ 2012 წელს იყო 36.5 %, 2019 წელს მან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 54.8 % შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის რეცესიული შოკისას, რაც ეკონომიკის 6.8 %-იან ვარდნაში აისახა, მისი მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა 37.3 % მდე, თუმცა 2021-2022 წლებში ეკონომიკის ორნიშნა ზრდისას 2022 წელს 52.6 %-ს მიაღწია, როდესაც ევროკავშირში მისი საშუალო მაჩვენებელი 55.9 % შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზით, მისი მაჩვენებელი 55 %-ს გადააჭარბებს და არც ის არის შემთხვევითი, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სარეკორდო იქნება 4.4 მილიარდი აშშ დოლარით.

ამიტომაც, 2012-2023 წლების ანალიზი, გვერდს ვერ აუვლის 2020-2022 წლებს. კოვიდ პანდემიური შოკის შედეგი იყო, საგარეო ვალის 39%-დან 61 %-მდე ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტის 3%-დან 9,2 %-მდე გაზრდა, უმუშევრობის ზრდით. დღეს ყველა ეს პარამეტრი გასწორებულია, საგარეო ვალის მაჩვენებელი 39 %-მდე შემცირებული, ბიუჯეტის დეფიციტი 3 %-მდეა შემცირებული, უმუშევრობა 15 % -ით ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია.

ეკონომიკური მაღალი ზრდის კიდევ ერთი ფაქტორი ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობაა. 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, იგი გაზრდილია 1.5-ჯერ - 245 ათასით. ამასთან, 2012 წელს უმუშევრობის დონე იყო 27%, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია რა ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა. რაც მთავარია უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო ძალისა და დასაქმების ზრდის პარალელურად, ხოლო მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6 % იყო.

კიდევ ერთი საკითხი არის საშუალო ხელფასი. 2012 წელს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი 1850 ლარამდე არის გაზრდილი, ანუ 2.5-ჯერ ანუ 250 %-ით გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში. ანალოგიურ პერიოდში, ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი, 780 ლარიდან 2000 ლარამდე.

გასაგებია, რომ ინფლაციია ზემოქმედებს მსყიდველობით უნარიანობაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო 11 წელიწადში შედარებით მაღალი 2021-2022 წლებში იყო, დეფლაციაც კი გვქონდა, კერძოდ, 2012-2013 წლებში(-0.9% და-0.5 %), საშულო წლიური კი 4 % ფარგლებში იყო. თუ ამას 11 წელზე ჩათვლით გადავიანგარიშებთ, 44 % გამოვა და ინფლაციის ინდექსითაც ხელფასების ზრდა მაინც საკმაოდ მაღალი იქნება", - წერს ეკონომისტი სოციალურ ქსლში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×