
ყოველთვის ვამბობდით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა და ფორმატი იყო არის და ვფიქრობთ, რომ იქნება სასარგებლო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი იმპულსი მოიტანა ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის - მოლდოვასა და უკრაინისთვისაც. შესაბამისად, ჩვენი მთავარი გზავნილი მინისტერიალზე იქნება ის, რომ საქართველო დაინტერესებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას და მექანიზმებს, იმისთვის რომ გავაძლიეროთ და ავაჩქაროთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. კოლეგებთანაც მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო ინტერესით ელოდება მომავალში ამ პლატფორმის ფარგლებში მუშაობას", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი დღეს დაიწყება. ბრიუსელშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართავს.