რეზონანსი
15.09.2026

დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ტრამპ თაუერ თბილისის" პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს.

„2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის. ეს არის 280 მეტრის სიმაღლის 62-სართულიანი თაუერი, რაც გახლავთ თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით.

ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ალბათ 5 წლის წინაც კი ძალიან რთულად წარმოვიდგენდით, თუმცა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ ამ 5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა დოლარში თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ტენდენცია, ასეთი დინამიკა იძლევა ახალი მასშტაბის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გლობალური ბრენდის - „ტრამპის ორგანიზაციისა“ და მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის ვაშინგტონის ოფისის მონაწილეობა ამ პროექტის წარმატების ძალიან მყარ გარანტიას ქმნის.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გიგანტების ღირსეული და სრულფასოვანი პარტნიორია ქართული ბიზნესი. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ კომპანიებს და კაპიტალს გლობალური მასშტაბის იდეების განხორციელების რესურსი და შესაძლებლობა აქვს.

2031 წელს, როდესაც ტრამპ თაუერი აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს.

საქართველოს მთავრობა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, თითოეულ ინვესტორს მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ კომპანიას - მადლობა „არქის“, „ინვიას“, „საფირ ორგანიზაციას“, „ფინვესტს“, „ბლოქსტოუნ კაპიტალს“ და „ვექტორ ჯგუფს“ ამ ინიციატივისთვის და წარმატებას ვუსურვებ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, მშვიდობისა და პროგრესის კიდევ ერთი თვალსაჩინო სიმბოლო“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×