რეზონანსი
15.09.2026

ბრალდებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, დღეს გამოკითხული მოწმისგან, გურამ დონაძისგან, არ მოუსმენიათ, რომ ელისო კილაძე იყო „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და თაღლითობაშია თანამონაწილე".

ვალერი გელბახიანის თქმით, მოწმეს ჩვენებისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან „ეს იყო გულწრფელი ჩვენება", მან ისაუბრა დეტალებზე, რომელიც „ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა და დანაშაულზე არაფერი უთქვამს".

„გამოვკითხეთ მოწმეები და ჯერჯერობით რაიმე პირდაპირი სამხილი არ მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ელისო კილაძე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და რომ თაღლითობაში თანამონაწილეა, წილი ჰქონდა და ა.შ. მსგავსი არაფერი [თქმულა]. ერთადერთი, რაზეც ბრალდების მხარე ამახვილებს ყურადღებას ისაა, რომ ჟურნალისტურ მხარდაჭერას უწევდა. რაც ისაუბრა, იყო ის, რომ მათი საქმიანობა იყო წმინდა წყლის ჟურნალისტური საქმიანობა და არავითარი კავშირი, არც "ქოლ-ცენტრებთან", დანაშაულებრივ შემხებლობასთან მას [არ ჰქონია]. ვერ ვიტყვი პროკურატურას რა უნდოდა ამით, მე ღიად ვუთხარი სხდომაზე, რომ მადლობა ამ ჩვენებისთვის. ეს იყო გულწრფელი ჩვენება, მან ისაუბრა იმ დეტალებზე, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა და დანაშაულზე არაფერი არ უთქვამს", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ვალერი გელბახიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ელისო კილაძესთან საპროცესო შეთანხმება იგეგმება.

„საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. არავითარი არაფორმალური მოლაპარაკება არ გვაქვს, რომ მქონდეს, გეტყოდით. საპროცესო იწყება ადვოკატის შუამდგომლობით, ასეთი შუამდგომლობა არა გვაქვს" - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×