რეზონანსი
15.09.2026

ელენე ხოშტარია არ არის პატიმრობაში ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ეს მხოლოდ საბაბია. ის არის პატიმრობაში, რადგან არ აღიარა რეჟიმი, არ ითანამშრომლა მასთან და ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რათა რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა, გიგა ლემონჯავამ "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებიდან ერთი წლის შესახებ განაცხადა.

გიგა ლემონჯავამ თავისუფლება უსურვა პატიმრებს და განაცხადა, რომ "არ აპირებენ , შეუშინდნენ არცერთ დაბრკოლებასა და პრობლემას, რომელსაც წარმოშობს „რეჟიმი", მისი თქმით, ოპოზიცია აპირებს „იბრძოლოს ბოლომდე".

„თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და თავისუფლება ელენე ხოშტარიას. დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც ელენე ივანიშვილის უკანონო პატიმრობაშია. ის არ არის პატიმრობაში ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ეს მხოლოდ საბაბია. ის არის პატიმრობაში, რადგან არ აღიარა ეს რეჟიმი, არ ითანამშრომლა მასთან და ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რათა ეს რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს. ეს არის ნამდვილი მიზეზი რატომაც რჩება ის ივანიშვილის რუსული რეჟიმის პატიმრობაში. არც ერთი წამით, რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსულმა რეჟიმმა, ჩვენი ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების უფლებისთვის არ შეჩერდება. ამ ბრძოლის წარმოება არის შესაძლებელი თავისუფლებაზე, არის შესაძლებელი ციხეში. ჩვენ კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ორჯერ და სამჯერ ყოფილან ივანიშვილის რუსულ ტყვეობაში და არცერთი წამით არ ვაპირებთ, შევუშინდეთ არც ერთ დაბრკოლებასა და პრობლემას, რომელსაც წარმოშობს რეჟიმი ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე. ამ ბრძოლას აქვს ერთი სასრული - ეს არის ივანიშვილი ბოროტი, კრიმინალური, რუსული რეჟიმის ჩამოშლა და ქართველი ხალხის გამარჯვება. თავისუფლება ელენეს და თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

გამართულ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, ერთ წლიანი პატიმრობის მიუხედავად არც ელენე ხოშტარია და არც კოალიციის წევრები არ წუწუნებენ, რადგან ფიქრობენ, რომ „ნებისმიერი ფასი, რომელიც იქნება გადასახდელი ქვეყნის რუსული გავლენის ზონებიდან გამოყვანისთვის და ამ რუსული რეჟიმის მოსაშორებლად უნდა გადავიხადოთ".

„დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქალი პოლი პატიმარი, ჩვენი კოალიციის ლიდერი, ოთხი შვილის დედა და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, ჩვენი ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია. ის გადაყვანილია კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მაგრამ არც ის და არც ჩვენ არ ვწუწუნებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ფასი, რომელიც იქნება გადასახდელი ქვეყნის რუსული გავლენის ზონებიდან გამოყვანისთვის და ამ რუსული რეჟიმის მოსაშორებლად უნდა გადავიხადოთ. მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ფასი გადავახდევინოთ რეჟიმს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×