
სუს-ის ახალი უფროსი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წარუდგინა. თამაზ ბორაშვილი უსაფრთხოების სამსახურის კარიერული თანამშრომელია, რომელმაც სპეცსამსახურის ყველა საფეხურზე იმუშავა და 20-წლიანი გამოცდილება აქვს. პრემიერის თქმით, უწყებას, სადაც ბორაშვილი ამ დრომდე უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მისი დაწინაურება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. კომპეტენცია, ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება - ირაკლი კობახიძის აზრით, ეს თვისებები ბორაშვილს საპასუხისმგებლო უწყების მართვაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. დღესვე, პრემიერმა გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა გეკა გელაძესაც და მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე წარმატება უსურვა.
ნდობა რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამაზე დღეს თავად სუს-ის უფროსობის კანდიდატმაც ისაუბრა. თამაზ ბორაშვილის თქმით, პარლამენტის მხრიდან მისი დამტკიცების შემდეგ, მზადაა, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას მაქსიმალური დრო და ენერგია დაუთმოს.
განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, დღეს, სოციალურ ქსელში გაავრცელა სუს-ის ყოფილმა უფროსმა. გეკა გელაძემ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. თქვა, რომ გუნდს სხვა პოზიციიდან გააძლიერებს და ეროვნული ინტერესების დაცვაში საკუთარ წვლილს ისევ შეიტანს.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ბორაშვილი უსაფრთხოების უწყებას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მისი, როგორც კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სხვა რგოლებში გამოცდილი კადრის საჭიროება, კანონმდებლებისთვის, არსებულ გამოწვევებს ზუსტად პასუხობს.
დღესვე, პრემიერ-მინისტრთან აუდიენცია გამართეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ. ორივე მათგანს უწყებაში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ცვლილებებით საკადრო გადაადგილებები, ამ ეტაპზე, დასრულებულია. ირაკლი კობახიძემ დღეს კულტურის ახალი მინისტრის უახლოეს პერიოდში წარდგენაც დააანონსა.
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ახალ კანდიდატს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრის კენჭს, გეკა გელაძე კი საქმიანობას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.