
რადიკალებში არსებულ დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ისინი ყველა ერთად თვითლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფებიან.
„ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა და მათ არანაირი შანსი არ აქვთ, ვინაიდან ისინი ყველა ერთად თვითლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფებიან. ერთმანეთს ეუბნებიან იმას, რაც ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ გაძარცვეს ერთმანეთი, გაძარცვეს პარტია, ფული მოიპარეს, შავი ფული მიიღეს და დახარჯეს. ამ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს ავიწყდებათ ის, რომ ისინიც ამ პროცესების თანამონაწილეები არიან. შესაბამისად, აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე“, - აღნიშნა მან.
„ნაციონალური მოძრაობა“ კოლეგებსა და ყოფილ თანაგუნდელებს გაყიდულებს უწოდებს. ერთობის დაშლაშიც სხვებს ადანაშაულებენ და ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალად საკუთარ თავს აცხადებენ.