რეზონანსი
13.09.2026

როგორც ირკვევა მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება.

არჩილ გორდულაძემ ასევე ისაუბრა გაზეთ „ასავალ-დასავლის" ინტერვიუზეც.

„ზოგ ადამიანს სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია. არსებობენ ის ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ დედამიწა არა მხოლოდ ბრტყელია, არამედ ის ოთხ სპილოზე დგას და კუზე მოძრაობს. ამ ჟანრიდან არის ეს განცხადება, ამ ყველაფერს შემდეგ ჟურნალისტი ბეჭდავს თავის ყვითელ პრესაში და როგორც ფაქტს, ასე აცნობს საზოგადოებას.

თუ კარგად მოუსმენთ ამ ინტერვიუს, რეალურად ჟურნალისტი ინფორმაციის მიღებას კი არ ცდილობს, პირიქით, თითქოს რესპონდენტს კონკრეტულ ჩარჩოებში აქცევს და ასწორებინებს მის ლეგენდას, რომ რაღაც უფრო დამაჯერებელი გახდეს. ერთია აუდიო ჩანაწერი და მეორეა ბეჭდური ვერსია. ბეჭდურ ვერსიაში, მსგავსი არაფერია. როგორც გაასწორებინა ჟურნალისტმა რესპონდენტს მისი მიცემული ინტერვიუ, მერე ეს ყველაფერი, თავისივე გასწორებული დაბეჭდა", - აღნიშნა გორდულაძემ.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ინტერვიუში ნახსენები ხელშეკრულების გაფორმება მარტივად გაყიდვადი ტყუილია და დეტალურად განმარტა ის პროცედურები, რომელიც საჭიროა სახელმწიფო საზღვრის კორექტირებისთვის.

„მოდი ჯერ ის ვთქვათ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ამგვარ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პირველივე მუხლი იწყება იმით, რომ ქვეყნის ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება, რომ სახელმწიფო საზღვრები დაკორექტირდეს, ეს მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით არის შესაძლებელი.

საერთაშორისო ხელშეკრულება ვერანაირად ვერ იქნება საიდუმლო ნაწილში, რომელიც ეხება ტერიტორიებს და საზღვრებს, რადგან ეს ყველაფერი საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ მის რატიფიცირებას და არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ, არამედ მეორე ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირებასაც. ასეთი სამართლებრივი ნონსენსი ითქვა.

მარტივად გაყიდვადი ტყუილია და ძალიან მძიმე და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის სენსიტიური საკითხია, როდესაც საზღვრების ცვლილებას ეხება საქმე", - დასძინა არჩილ გორდულაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×