რეზონანსი
13.09.2026

მე ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე ოფიცრის შვილი - კაცის, რომელიც საკუთარი სამშობლოს, საკუთარი მიწის დასაცავად იბრძოდა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის" წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თმით, მისი მამა ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლველად დაუფიქრებლად წავიდა იმ მიწისთვის, რომელიც მისთვის უბრალოდ ტერიტორია და ქვების გროვა კი არა, სამშობლო იყო.

„მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ: არც მამაჩემს და არც მის თანამებრძოლებს ომის დანაშაული არ ჩაუდენიათ, არ დასდგომიან შურისძიების გზას, მიუხედავად უამრავი სისასტიკისა, რაც საკუთარი თვალით ნახეს. ეს არის ის სიმართლე, რომელიც არ უნდა დაიკარგოს.

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას, არამედ ვეტერანებს თუ მოქმედ სამხედროებს და ყველას, ვისთვისაც სამშობლო სიცოცხლეზე ძვირფასია.

როდესაც ასეთ თემებზე საუბრობ, თითოეული სიტყვა უნდა აწონო, რომ შენს სამხედროებს არ დააბრალო ომის დანაშაული. სააკაშვილისა და ბარამიძის გუნდმა ერთხელ უკვე გააკეთა ეს - 2008 წელს, როცა ჩვენს ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალა. რა არის ეს თუ არა სახელმწიფო ინტერესების ღალატი?

სხვათა შორის, გაგახსენებთ, რომ ამ რეზოლუციის მხარდაჭერამდე ცოტა ხნით ადრე სააკაშვილის რეჟიმმა კანონმდებლობიდან ამოიღო სამშობლოს ღალატის მუხლი, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კი 2025 წელს „სახელმწიფო ღალატის" მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში დააბრუნა. სწორედ ამ მუხლით დააკავეს სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი თავდაცვის მინისტრი. კიდევ ერთხელ ვიტყვი - სიმართლეს ვერაფერი წაშლის, ვერც პოლიტიკური უტიფრობა, ვერც პარტიული ინტერესი და ვერც დრო.

მე, როგორც ერთი, რიგითი მოქალაქე, სანამ შესაძლებლობა მექნება, არავის მივცემ უფლებას, იმ ჯარისკაცების ღირსება, რომელთა ნაწილმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირა, ცრუ, უღირსი, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით შელახოს", - განაცხადა ჩიხლაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×