რეზონანსი
12.09.2026

აგვისტოში, მსოფლიოში სურსათის ფასებმა 2022 წლის ბოლოდან ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ამას ხელი შეუწყო გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციამ და ექსტრემალურმა ამინდის პირობებმა.

ანგარიშის თანახმად, ფასები ივლისთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა, ძირითადად მარცვლეულის, შაქრისა და რძის პროდუქტების გამო. შაქრის ფასებმა აგვისტოში 11.9%-ით მოიმატა, ხოლო ხორბლის - 2.6%-ით. საერთო ჯამში, ხორბლის ფასები გასულ წელთან შედარებით უკვე 15%-ით არის მომატებული.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, გლობალური სურსათის ბაზრები ორიენტირებულია მიწოდების პრობლემებსა და ამინდის გამოწვევებზე, რაც ზრდის ზეწოლას ფერმერებზე, რომლებიც ისედაც განიცდიან წარმოების ხარჯების ზრდას.

„ევროპაში არასაკმარისი მოსავლის გამო, რომელიც გამოწვეულია სიცხის ტალღების სერიით, შესაძლოა კონტინენტი იმპორტზე უფრო მეტად დამოკიდებული გახადოს, რაც, სავარაუდოდ, მარაგებისთვის კონკურენციას გაამწვავებს“ - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციამ შეამცირა 2026 წელს გლობალური მარცვლეულის წარმოების პროგნოზი 2.98 მლრდ ტონამდე, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წლიური კლებაა. რაც შეეხება ხორცის ფასების ინდექსს, ის თვეში 1%-ით გაიზარდა, რაც გამოიხატა ფრინველის, ღორის და ცხვრის ხორცის ფასების ზრდით. რძის პროდუქტების ფასების ინდექსი ივლისთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. ზრდის დიდი ნაწილი განპირობებული იყო ევროკავშირში რძის მიწოდების შემცირებით ცხელი და მშრალი ამინდის ფონზე.

„აგვისტოში გლობალური სურსათის ფასების ზრდა გაფრთხილებაა იმისა, რომ რისკი სურსათის ბაზრებზე ბრუნდება: კლიმატური შოკები, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და სავაჭრო ლოჯისტიკის დარღვევა მიწოდების მთავარ პრობლემებს წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი, გლობალური სურსათის ფასების სტაბილურობაში მთავარ როლს თამაშობს“, - განაცხადა გაერო-ს ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა, მაქსიმო ტორერომ.

საგულისხმოა ისიც, რომ „ბლუმბერგის“ სოფლის მეურნეობის ინდექსი, რომელიც 10 ძირითად საქონელს აკონტროლებს, აგვისტოში 13%-ზე მეტით გაიზარდა, რაც 2012 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×