
ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, მომხდარს "ნანობს და განიცდის“.
"მე არ შევხვედრივარ არასრულწლოვანს, შეხვდა მეორე ადვოკატი. მე, როგორც ვიცი, ის [ბრალდებული] ძალიან განიცდის აღნიშნულს. პირადად, რას საუბრობს, ვერ გეტყვით, მაგრამ რაც მოხდა, ნანობს და განიცდის. გამოძიება საუბრობს, რომ კამათი გადაიზარდა ჩხუბში და ჩხუბის შედეგად მოხდა ის უბედური შემთხვევა, რაც მოხდა. მოტივი არ ვიცი, არავინ არავის გასწორებია“, - განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.
ადვოკატი უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას, რომ არასრულწლოვანი მის თანატოლს სადღეგრძელოს გამო გაუსწორდა. ამასთან, ფრიდონ სიხუაშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ადვოკატობაზე უარი თქვას.
"შესაძლებელია გავიდე კიდევაც ამ საქმიდან, არ ვიცი, ვნახოთ. ჯერ გავესაუბრები ჩემს კოლეგას, ვინც უშუალოდ ესწრებოდა [ბრალის წარდგენას] ამის შემდეგ შესაძლებელია დავტოვო კიდევაც საქმე.
როგორც მითხრეს თვითონ საგამოძიებო უწყებაში, მისი ოჯახის წევრები ძალიან განიცდიან და ამ უბედურებით არიან შოკში“, - განაცხადა ფრიდონს სიხუაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარი 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდება წარუდგინა პირს, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის "ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.