
საფრანგეთის მთავრობა სლოვაკეთს შეუერთდა რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის სანქცირებულ პირთა სიიდან ამოღების მოთხოვნაში, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის გადაწყვეტილებამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში „დიდი უკმაყოფილება“ გამოიწვია.
დიდი ხანია, სლოვაკეთი ითხოვს უსმანოვისა და კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ამოღებას ევროკავშირის სანქციების სიიდან, რომელიც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებასა და უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაახლოებულ პირებს მოიცავს.
უსმანოვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ 2022 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იმყოფება. უსმანოვი უზბეკური წარმოშობის რუსი მილიარდელია, რომელმაც ქონება ლითონების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული ინვესტიციებით დააგროვა და კრემლთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.
„ამან ბევრი კითხვა გააჩინა მოტივაციასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, აქ ძირითადად ეკონომიკური მიზეზებია გადამწყვეტი. სხვა წევრი ქვეყნების მხრიდან ამ საკითხის მიმართ დიდი გაგება არ შეინიშნება“, – განუცხადა ევროკავშირის დიპლომატმა „ევრონიუსს“.
ამჟამად ევროკავშირის სანქციების რეჟიმი ვრცელდება 3 000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან და უკრაინაში შეჭრაში მის წვლილთან. სანქციების რეჟიმს ვადა 15 სექტემბერს ეწურება.