
შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად დაიჭრა. დაჭრილი მოგვიანებით ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
“გუშინ წინ, დაახლოებით 12 საათზე, ჩვენთან შემოიყვანეს მოქალაქე კახა დუმბაძე, რომელიც კლინიკაში 10-15 წუთი იმყოფებოდა, მას გაეწია დახმარება და შემდგომ ოზურგეთის პოლიციამ კლინიკიდან წაიყვანა, მას თხემის არეში აღენიშნებოდა ზალიან მცირე ზომის დაზიანება, შესაძლოა ჭრილობაც კი ვერ გვეწოდებინა, უფრო დაზიანება”- უთხრეს “გურიის მოამბეს” რედაქციას ოზურგეთის “მედალფაში”.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ინცინდენტისას ორმხრივი სროლა იყო, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა. როგორც გამოცემა წერს, თავდასხმის დროს ოჯახში, მსუბუქად დაჭრილის გარდა, სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
ჯერ ჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუ რა გახდა შეიარაღებული თავდასხმის მიზეზი. მომხდარზე შსს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.