რეზონანსი
11.09.2026

მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. აბა, სხვა რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა აუკრძალო, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ურთიერთობას აგრძელებენ? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძემ კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“. მისი თქმით, აღნიშნული განცხადების მიზანია ხაზი გაესვას, რომ მარტა კოსის მხრიდან სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა არ ხდება.

„ევრობიუროკრატია ამბობს, რომ კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ხმის ამოღების უფლება არ ექნებათ. ევროკავშირის წევრები ვიდრე გახდებიან, მანამდე წინაპირობებს უყენებენ, თურმე დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციის, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას. სამწუხაროდ, ევროკავშირში არიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის საფუძვლებს მიზანმიმართულად ანგრევენ და ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან. ეს იმ ძალთა ინტერესებში შედის, რომელთა მიზანია, დასუსტდნენ ქვეყნები და მათი ძალაუფლება ამ ქვეყნებზე უფრო მეტად გაიზარდოს. კოსი იქნება თუ კალასი, ამ ინტერესების გამტარებლები არიან. სწორედ ამ თვალსაზრისით მოიაზრება თავდასხმები ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ გამოდის“, - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×