
გუშინ თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული და ახლა არკვევენ ამ შემზარავი მკვლელობის დეტალებს. მოკლულია 17 წლის დავით ნარიმანიძე. არსებული ინფორმაციით, მას თანატოლმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დაჭრილი ახალგაზრდა გამთენიისას ქუჩაში მოკლული ნახეს.
როგორც ირკვევა, გუშინ საღამოს არასრულწლოვნები ლოტკინზე, ერთ-ერთ "დრაივზე" იყვნენ შეკრებილები და იქ მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ამბობენ, რომ ადგილზე ათამდე ახალგაზრდა იმყოფებოდა. დაპირისპირება თურმე სადღეგრძელოს მოჰყვა, რის გამოც დათუნას ასე სადისტურად გაუსწორდა თანატოლი. არასრულწლოვანს დანით ჭრილობები ყელის არეშიც ჰქონია მიყენებული, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი ხდება, დავით ნარიმანიძემ სკოლა წელს დაამთავრა. ის წლების მანძილზე თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მოკლული ბიჭის დედა, ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, ბრიტანულ აკადემიაში პედაგოგად მუშაობს. ძალიან განიცდიან მომხდარს მისი კოლეგებიც.
"ყველა კარგს ამბობს ბავშვზე. სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა მტკივა. რატომ ხდება ასე, რატომ იმეტებენ თან ასეთი პატარები ერთმანეთს ასე სასიკვდილოდ. გული მტკივა ძალიან, რამდენი ახალგაზრდა უნდა მოკლან ასე უაზროდ, მართლა გასკდა გული, უკვე ამდენი ტრაგედიების მოსმენაც აღარ შემიძლია. კარგი დედის გაზრდილი შვილია დათუნა. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო. უკარგესი ბავშვი. რატომ მოუკლეს დედას შვილი? ვინ უნდა აგოს ახლა ამაზე პასუხი? დედას შვილს ხომ ვერ გაუცოცხლებენ. რა უნდა ქნას დედამ? საკადრისად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.
მთელი ქვეყანა დააყენა ფეხზე გიგა ავალიანის დედამ, ამდენი იბრძოლა და ამდენი ახალგაზრდა დაიჭირეს იმ სასტიკ საქმეზე, მაგრამ როგორც ჩანს, არც ეს შველის ამ ახალგაზრდობას. ისევ ხდება ადამიანის მკვლელობა. ისევ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, ისევ არასრულწლოვნებმა. საკადრისად უნდა დაისაჯოს დათუნას მკვლელი. ასეთი ღიმილიანი ბავშვი ვის რას დაუშავებდა. საუკეთესო ბიჭი აღარ ჰყავს დედას. რატომ გახდნენ ეს ბავშვები ასე ცივსისხლიანები, რომ პატარა შელაპარაკებაზე დანას ურტყამენ ერთმანეთს ან რატომ აქვთ დანა საერთოდ ამ ბავშვებს. ამას რატომ არ ამოწმებს არავინ?
იქ პატრულმა გაიარაო, ამბობენ, ერთად შეგროვილი ბავშვები უნახავს, მათ უპასუხიათ მშვიდობააო, მაგრამ რატომ არ დაშალა ეს ბავშვები, ან რატომ არ დაელოდნენ მათ წასვლას. ან რატომ არ გაჩხრიკეს ისინი, ხომ ნახავდნენ იმ დანას და ხომ გადარჩებოდა ბავშვი. იმასაც ამბობენ, დილით ნახესო. გამოდის მიატოვეს თანატოლებმა? თუ ეს ასეა, კიდევ უფრო მეტი დანაშაულია ეს. იქნებ გადარჩენილიყო ბავშვი. უბრალო კონფლიქტის გამო როგორ შეუძლიათ ადამიანი მოკლან? ხომ განადგურდა ოჯახი, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს, სიტყვები არ მაქვს. არ ვიცი რა უნდა ვუთხრა მის დედას, როგორ ვუთხრა სამძიმარი, ჯერ იქამდე ვერ მივდივარ”,- განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.
"კვირის პალიტრა"