
ყველა ერთის, და ერთი ყველას წინააღმდეგ - ვინ აზიანებს ოპოზიციას, როდესაც ყველა ერთმანეთს ებრძვის? ყოფილებსა და მოქმედ "ნაციონალებს" შორის ურთიერთბრალდებებში დიდი ხანია დაკარგულია ლოგიკაც და თანმიმდევრულობაც. თუმცა, ისევ რჩება უპასუხოდ დატოვებული კითხვები. მათ შორის 40 მილიონიან სკანდალზე.
ნიკა გვარამიამ, რომელმაც თავადვე თქვა, რომ გილაურთან სააკაშვილის დავალებით მოქმედმა "ნაციონალმა" მიიყვანა, დუმს. ვინაობას არ ამხელს. სამაგიეროდ "ნაციონალურ მოძრაობას" ამხელს იაგო ხვიჩიასთან გარიგებაში, თავად ხვიჩიას კი ნაცმოძრაობის დაშლის მცდელობაში.
"ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა გვარამიას ისევ საჯაროდ მოუწოდებენ - დაასახელოს შუამავალი. ყოფილ იდეოლოგს ყველაზე მწვავედ ისევ ანა წითლიძე უპირისპირდება.
სააკაშვილმა გვარამიას უპასუხა, თუმცა არა უპასუხა შეკითხვას - იყო თუ არა ნიკა გილაურის პოლიტიკაში შემობრუნების ინიციატორი. ექსპრეზიდენტმა 40 მილიონიან გარიგებაზე პოლიტიკური კორუფციის კონტექსტში ისაუბრა და ნიკა გვარამიას კოალიციას ჩამოშლილი უწოდა.
ცილისწამებას და საკუთარი დანაშაულების გადაფარვის მცდელობას უწოდებენ გვარამიას ბრალდებებს ადრესატები - ახლა უკვე "თავისუფალი ხალხის პარტია" და "ნაციონალური მოძრაობა".
განულებამდე ატეხილი ისტერია - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თვითგანადგურების რეჟიმში მყოფი ოპოზიცია თვითგადარჩენისთვის უკვე აღარაფერს ერიდება, მათ შორის არც პირდაპირ აღიარებას ე.წ. შავი ფულის გამოყენებაზე. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მათი ოპონენტების დასუსტებას ხელი კანონმდებლობამაც შეუწყო, რომელმაც მკაფიოდ აჩვენა, რომ ოპოზიციას გარე მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლია პოლიტიკის დამოუკიდებლად კეთება.
ჯერ იყო ოპოზიციური 9-იანი, ახლა კი უკვე ფორმალური გაერთიანების მიღმა გრძელდება პარტიებს შორის კომპრომატებით ბრძოლა - წამოძახილები საერთო წარსულზე, პოლიტიკურ მანიპულაციებსა და ფინანსურ გარიგებებზე.